“სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი ოპოზიციამ, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან” – მამუკა მდინარაძე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უმრავლესობა ოპოზიციისგან პასუხს ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას ულტიმატუმი ისევ გარკვეულ კომპრომისად შეასაღოს, რაც მისი თქმით, მათ არ გამოუვათ.

„შემჭიდროვებული ვადები არსებობს, როცა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ოპოზიციამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი იმაზე, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან. კერძოდ, თანხმდებიან, თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს, თუ ისევ ულტიმატუმს აყენებენ ე.წ. გერმანულ მოდელზე. ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას ულტიმატუმი ისევ გარკვეულ კომპრომისად შეასაღოს, რაც არ გამოვა. ულტიმატუმები კომპრომისად არ საღდება და ამას ჩვენი საზოგადოება ასე არ მიიღებს.

რეალურ კომპრომისზე თანხმდებიან თუ არა, ამაზე პასუხს ველოდებით. ამ გადაწყვეტილების სისწრაფის მიზანშეწონილობა იმაში მდგომარეობს, რომ შემდეგ შეუძლებელი ხდება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებაზე თეორიულად საუბარიც კი, ასევე საარჩევნო კანონდებლობაში რამე ცვლილების შეტანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გასული წლის 20 დეკემბერს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი – 100/50 შესთავაზა. მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი აღნიშნულ სისტემაში. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.

მსგავსი თემები