სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტი მაჩხაანში უნდა მოეწყო

მალხაზ მაჩალიკაშვილის წინაარმდეგ, სსკ-ის 18, 323-ე და 3231 მუხლებით გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, საქმეში სხვა ფიგურანტებიც არსებობენ. ამ ეტაისთვის არსებული მტკიცებულებით, მაჩალიკაშვილის ობიექტი სუს-ის ყოილი მაღალჩინოსანი იოსებ გოგაშვილი იყო.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“ – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებული იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი, თუმცა, მათ გაითვალისწინეს მისი ადვოკატების თხოვნა და გამოკითხვა 7 მაისამდე გადაიდო. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი რამადანის დაწყების მიზეზით საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

„შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი თემები