სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს და რამდენიმე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა

ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი რამდენიმე ახლობლის წინააღდეგ გამოძიება დაიწყო. როგოც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა გამოვლენილია, რომელსაც სატელეფონო ფარული ჩანაწერები ამყარებს.

„უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს…“ – აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მალხაზ მაჩალიკაშვილს ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

„გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა“ – აცხადებენ უწყებაში.

როგორც სუს-ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიდან ირკვევა, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

მსგავსი თემები