სურსათში ტყვიის შემცველობა შემცირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობა შემცირდა, რაც მათი თქმით ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ განაპირობა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს.

“2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების – 335, თევზის და თევზის პროდუქტების – 47, კვერცხის – 68, ბავშვთა კვების პროდუქტების – 48, სუნელ-სანელებლების – 137, თაფლის – 11, სასმელების – 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში,”- განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე თქმით, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა.

მსგავსი თემები