სურსათის უვნებლობაზე 5003 ობიექტი შემოწმდა – მოსახლეობის მხრიდან საჩივრები იზრდება

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის საჩივრები წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი უფრო აქტიურად არის ჩართული საკვების ხარისხის კონტროლის საქმეში.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, 5003 ობიექტზე განხორციელდა. აქედან გეგმიური ინსპექტირება იყო – 1989, არაგეგმიური – 312.

როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ დღეს განაცხადა, 5 თვის განმავლობაში შემოწმდა 2 596 ბიზნესოპერატორი. შემოწმება შეეხო ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებს, რძისა და თევზპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, პურისა და პურფუნთუშეულის საწარმოებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოებს, საკონდიტროებს, სურსათის მაღაზიებს, მარკეტებსა და სურსათის მწარმოებელ სხვა პროფილის ბიზნესოპრეატორებს.

მისივე ინფორმაციით, ​ინტენსიურად მიმდინარეობს კვების პროდუქტების კონტროლი საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში.

” სურსათის უვნებლობის საკითხში მოსახლეობის საჩივრები წლიდან წლამდე იზრდება. შემოდის შეტყობინებები, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც ფუნქციონირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 15 – 01. ყველა ასეთი შემთხვევა, ჩვენი მობილური ჯგუფების მხრიდან, ოპერატიულ რეაგირებას ექვემდებარება”, – აცხადებს გიორგი მიქაძე.

მისივე თქმით, იზრდება მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი უფრო აქტიურად არის ჩართული პროცესში.

“თუ მანამდე, მომხმარებელი არ ამახვილებდა ყურადღებას დარღვევებზე, ამჟამად ეს გამოსწორებულია და მომავლში კიდევ უფრო მეტად გამოსწორდება. მნიშვნელოვანია, თუ რა სახის შეტყობინებები შემოდის ჩვენთან. რასაც მომხმარებელი ვიზუალურად ხედავს: საკვების სუნი, კონსინსტენცია, გარეგნული ფორმა, ვადაგასულია პროდუქტი თუ არა ეტიკეტის მიხედვით, ან თვითონ ეტიკეტირების წესი თუ დაირღვა, ან ზოგადად სანიტარული მდგომარეობა – მაცივრების გამოთრვა და ანტისანიტარია ობიექტზე და სხვა”, – აცხადებს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე.

მისივე თქმით, ს.ს.ი.პ სურსათის უვნებლობის სააგენტოს აქვს დაგეგმილი სახელმწიფოს კონტროლის წლიური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, გარკვეული კატეგორიის ბიზნესოპერატორი ექვემდებარება წლის განმავლობაში სავალდებულო შემოწმებას.

​სისტემაში დარეგისტრირებული ბიზნესოპერატორები 4 კრიტერიუმის მიხედვით მოწმდებიან. მათ ენიჭებათ შესაბამისი ქულები. პირველ რიგში მოწმდებიან ის ბიზნესოპერატორები, რომლებსაც მაღალი ქულა მიანიჭა არა სააგენტომ, არამედ ელექტრონულმა პროგრამამ, რომელშიც ჩატვირთულია მონაცემები, წინა ისტორია, მათი პროფილი და წინა წლის ისტორია. “რაც უფრო მაღალია ქულა, მით მაღალია რისკი”, – განმარტავს გიორგი მიქაძე.

მსგავსი თემები