“სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აფთიაქებისა და კვების ობიექტების გარდა ყველა სხვა სავაჭრო დაწესებულება მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

შესაბამისი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე გააჟღერა.

„სამი კვირა გავიდა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შემოსვლიდან, ამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყანამ იმ ღონისძიებებით, რომელიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა შემთხვევების. დღევანდელ სხდომაზე ყველა სექტორმა პრემიერს ის ღონისძიებები გააცნო, რაც ტარდება, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღინისძიებები ქვეყანაში. გარდა რესტორნებისა, კაფე-ბარებისა და ა.შ. სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით. პრემიერმა უწყებებს დაავალა დღის ბოლომდე ზომების კიდევ უფრო შესაძლებელ გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები