სოციალურად დაუცველ დასაქმებულს ფულადი და არამონეტარული დახმარება შეუნარჩუნდება

სოციალურად დაუცველ ადამიანს, რომელიც დასაქმდება, დასაქმებიდან 1 წლის განმავლობაში, როგორც ფულადი, ისე არამონეტალური დახმარება შეუნარჩუნდება. აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის „განლევადი სოციალური დახმარების“ მოდელი, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეს.

„ბევრი ქვეყნის პროექტის ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი მეთოდი იმისთვის, რომ ამ პროგრამაში დასაქმების დემოტივაცია შეამცირო, მომხმარებელი სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული არ გახადო და არ შეამცირო მოტივაცია, რომ თავისი შრომით შეინახოს ოჯახი, არის ასეთი მცნება, რომელსაც ქართულად შეიძლება, „განლევადი სოციალური დახმარება“ მიუსადაგო. ახლა მოქმედებს შეწყვეტადი სოციალური დახმარება, რომლის მიხედვითაც, თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ ხდება, ის მაშინვე წყდება. განლევადი სოციალური დახმარება კი გულისხმობს იმას, რომ თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ მოხდება, ის ნელ-ნელა შეწყდება. არსებული მოდელით, თუკი პირი მუშაობას დაიწყებს და შემოსავალი გაუჩნდება, დახმარება შეუწყდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი პირს ორივე სარგებელი ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება: მონეტარული ანუ ფულადი სოციალური დახმარება იმ სახით, რა სახითაც არის და არამონეტარული, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტი, რომლითაც სოციალურად დაუცველები ახლა სარგებლობენ“ – განმარტა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, სოციალურად დაუცველს სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარება ერთი წლის შემდეგ შეუწყდება იმისთვის, რომ ის სოციალურად აქტიური გახდეს. ახალი მოდელის 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები