სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლას მერია დააფინანსებს

თბილისის მერია, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარია, ხოლო სემესტრული – 1125 ლარი. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 ან 100 პროცენტიან დაფინანსებას.

“იმ შემთხვევაში, თუ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი იქნება 51 – 70 ქულა, სტუდენტი მიიღებს სწავლის საფასურის 50 პროცენტს. 71 – 90 ქულის შემთხვევაში სწავლის საფასურის 70 პროცენტს, ხოლო თუ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, 100-პროცენტიან დაფინანსებას. 91 – 100 ქულის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური 100 პროცენტით დაუფინანსდება. თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70 % სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100 პროცენტამდე,”- განაცხადა კახა კალაძემ.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოტივაციო წერილი.

მსგავსი თემები