სკანდალი – მასწავლებელი, რომლის დირექტორობისას სკოლაში ბავშვი დაიღუპა, დააჯილდოვეს – ოჯახის მას მკვლელს უწოდებს და პროტესტს გამოხატავს (ექსკლუზივი)

1989 წლის 18 აპრილის ტრაგედია სენაკის მუნიციპალიტეტში ყველას ახსოვს. 15 წლის ასაკის 15 მოზარდი, სენაკის მუნიციპალიტეტის #1 სკოლა-გიმნაზიაში უბედურის შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 15-დან 14 გადარჩა, ერთი – გია კუპრეიშვილი კი დაიღუპა. ეს საშინელი ტრაგედია, გარდაცვლილის ოჯახს ხელახლა დაატყდა თავს, როცა, რამდენიმე დღის უკან, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოებული მაშინდელი სკოლის დირექტორი იხილეს.

კუპრეიშვილების ოჯახის ტრაგედია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებით არ დამთავრებულა. ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას მამაც გადაყვა და დედაც. მაშინ, სენაკის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი გრიალა რობაქიძე იყო, რომელმაც რამდენიმე დღის უკან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან აღიარება და ჯილდო მიიღო.

ამბავი კი შემდეგია 1989 წლის 18 აპრილის, შესვენებაზე, სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში თამაშობდნენ. სკოლის ეზოს ტერიტორიაზე, იქ, სადაც საპირფარეშო იყო განთავსებული, გადიოდა პატარა რუ, ღელე. იქიდან გამომდინარე, რომ ეზო მოუწესრიგებელი და დაუმთავრებელი იყო, მათ დაეცათ “სინკარი”, “სინკარმა” ბავშვები წყლის ქვეშ მოაქცია. ზოგმა გამოძრომა მოახერხა და მხოლოდ დაშავდა, ხოლო ერთი, გია კუპრეიშვილი ვერ გამოძვრა და წყალში დაიხრჩო.

ამ უბედურების შედეგად ბევრი წელი გავიდა, თუმცა, არავინ დასჯილა. გაუბედურებული ოჯახის ერთადერთი წევრი კი „მედიაცენტრ მთავართან“ იმ უსამართლობაზე საუბრობს, რაც რამდენიმე დღის უკან, თავად იხილა – სკოლის მაშინდელი დირექტორის დაჯილდოება. ღონისძიება სენაკის სასტუმრო ,,ვერსალის“ დარბაზში გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიეძღვნა, გაუბედურებული ოჯახის ერთადერთმა წევრმა თავად იხილა.

„აუცილებლად უნდა დაგეჯილდოებინათ ეს ნაგავი ქალი? კუპრეიშვილების ოჯახის ამომწყვეტელი და დამაქცეველი? საინტერესოა ვინ წარადგინა ეს კანდიდატურა? ისე ამოწყდეს მისი ოჯახი როგორც ამოწყდა ჩვენი ოჯახი. უფალს ამას შევთხოვ…. 15 წლის ანგელოზი ბავშვი დაიხრჩო მისი დირექტორობის დროს პირველ სკოლაში და გამოძიებას ეუბნებოდა მშობლებს პრეტენზია არ გააჩნიათო. ერთი ადამიანი არ დასჯილა ამ ამბავზე და დღეს აჯილდოებთ!!! უარი უნდა გეთქვა შენ ნაგავო ადამიანო, შენისთანა ნაგვები მიწასაც არ უნდა. რა დახატულ ეშმაკს გავხარ“- აცხადებს გაუბედურებული ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი.

„მედიაცენტრ მთავარს“ მაკა კუპრეიშვილი დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი დირექტორის დაჯილდოებამ, მომხდარი ტრაგედია ხელახლა გაახსენა. „ეზოში, გაკვეთილების დროს მოხდა ეს საშინელი ამბავ ი, იმიტომ, რომ მოუწესრიგებელი იყო სკოლის ტერიტორია და დირექტორმა სკოლა დაუმთავრებელ მდგომარეობაში ჩაიბარა, სამუშაოები შუა გზაში იყო მიტოვებული. ამ ხაფანგში ჩვენს მოვყევით. ოჯახი ამომიწყდა, მამა 49 წლის ასაკში, ამ ამბავს გადაყვა, 10 თვეში დედაც გარდაიცვალა. ამ დანაშაულისთვის პასუხი არავის უგია და დღეს, ეს ქალბატონი დააჯილდოვეს. ბუნებრივია, რომ პროტესტი მაქვს ამ ყველაფერზე. საინტერესოა, რესურს ცენტრმა, დარეჯან ზარანდიამ როგორ შეარჩია ეს ქალბატონი, პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვას. ეს ქალი, ყოფილი დირექტორი თამარ მეფობასაც მოითხოვს რომ მიუშვა. მსგავსი უსამართლობა როგორ შეიძლება”- განუცხადა გარდაცვლილის დამ “მედიაცენტრ მთავარს.”

რაც შეეხება ინფორმაციას, სკოლის მაშინდელი დირექტორის დაჯილდოვების შესახებ, სენაკის მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე სათაურით: „სასტუმრო ,,ვერსალის“ დარბაზში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიეძღვნა“, ინფორმაცია ფოტოებთან ერთად არის განთავსებული.

საზეიმო საღამოს, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე ინგა ქარდავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, საკრებულოს წევრი თამარ სალაყაია, მერის მოადგილეები, სენაკის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, საგანმანათლებლო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს კი კითხვები სწორედ სენაკის რესურსცენტრთან გააჩნია.  

მსგავსი თემები