„სიცოცხლისთვის საშიში დანადგარი კვლავ აღმოჩნდა ბინაში, იკვეთება დაუდევრობა მომხმარებლის მხრიდან“ – ენერგოომბუდსმენი გურამიშვილის აფეთქებაზე

პირველადი შეფასებით, გურამიშვილის გამზირზე კორპუსის ბინის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა. საუბარია გათბობის საშიშ დანადგარზე, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელს ერთხელ ჩაუხსნეს, თუმცა, თვითნებურად ისევ დაამონტაჟა. ამ თემასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იკვეთება დაუდევრობა მომხმარებლის მხრიდან და იმ გაფრთხილებებისა და რეკომენდაციების არშესრულება, რასაც კომპანია მას მიუთითებდა. ამბავი იყო ასეთი: ბინის მეპატრონეს,  შესაბამისმა კომპანიამ მისცა გაფრთხილება და ჩაუხსნა სიცოცხლისთვის საშიში დანადგარი. თუმცა, მიცემული რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული იმ კუთხით, რომ ჩახსნილი დანადგარი კვლავ აღმოჩნდა საცხოვრებელ ფართში მუშა მდგომარეობაში.  ის საფრთხეს წარმოადგენდა ამ ბინის მობინადრეებისთვის და სწორედ ამან გამოიწვია ის ფატალური ფაქტი, რომელიც მხოლოდ ერთმა ოჯახმა კი არა, მთელმა კორპუსმა მიიღო“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ენერგოომბუდსმენი ენერგოკომპანიის მხრიდან დოკუმენტაციას ელოდება, საბოლოო დასკვნას კი მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთებს.

„ოფიციალურად მივიღებ ყველა იმ დოკუმენტს, რაც არსებობს ამ აბონენტთან დაკავშირებით კომპანიაში. ასევე, მოვითხოვ „ქოლ ცეტრის“ ამონაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიფანტოს ეჭვები, ხომ არ ჰქონდა კომპანიის მხრიდან უმოქმედობას ადგილი. ნებისმიერი ასეთი წინააღმდეგობა დასრულდა და დასრულდება ფატალური შედეგით. ამიტომ, დროულია, მომხმარებლებს მოვუწოდოთ, რომ დღეს ყველა რეკომენდაცია, რომელსაც მისცემს კომპანია, უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოსაწესრიგებელია საკუთარ ოჯახში, უნდა მოწესრიგდეს. ეკონომია საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, გამართლებული არ არის“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბინის მეპატრონეს სხეულის 60% დამწვარი აქვს, ის კლინიკაში იმყოფება. კორპუსის სხვა მობინადრეები კი სასტუმროებში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები