“სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, გასაგები და აღქმადი” – ჯანდაცვის მინისტრი

„სუბიექტური გადაწვეტილების უფლებამოსილება, სოციალურ აგენტს, პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან მონაცემთა მოპოვება და გადამოწმება ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით ხდება“ – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში გააკეთა.

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. დავით სერგეენკო პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მინისტრმა სოციალური დახმარების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხებზე ილაპარაკა.

მინისტრის თქმით, სოციალური დახმარების მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება, ხშირად მოსახლეობისთვის გაუგებარია. „ჩვენთან არსებული სისტემა, რაიმე სახით უპრეცედენტო არ არის. ჩვენ მრავალი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და ვცდილობთ, შევიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც მიზნობრივი სოციალური დახმარების მთავარი მახასიათებლებისაკენ იქნება მიმართული. მაგალითად, როგორიცაა: სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, გასაგები და აღქმადი საზოგადოებისათვის. ასევე, უნდა იძლეოდეს სამართლიანად გადანაწილების საშუალებას. ჩვენთან არსებული სოციალური დახმარების სისტემა, რა თქმა უნდა, იყენებს თვლად ელემენტებს, მაგრამ ეს თვლადი ელემენტები თავიდან ბევრი იყო. ჩვენ ვეცადეთ შეგვემცირებინა, რადგან ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის, რომ მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება არც თუ ისე იშვიათად, მოსახლეობისთვის გაუგებარია“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა, სოციალური დახმარების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცვლილებების შესახებ. „მეთოდოლოგიაში, კონკრეტულ ოჯახზე მონაცემების მოპოვება ხდებოდა მთლიანად სოციალური აგენტის მიერ და მათ ჰქონდათ საკმაოდ ფართო, პოტენციური ველი სუბიექტური გადაწყვეტილებების მისაღებად. არსებულ მეთოდოლოგიაში, სუბიექტური გადაწყვეტილების უფლებამოსილება, სოციალურ აგენტს, პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან მონაცემთა მოპოვება და გადამოწმება ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით ხდება. ამასთან, ახლა სოციალური დახმარების პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, ვისაც უფრო მეტად სჭირდება. აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის სოციალური დახმარების მინიჭების სისტემაც. ამიტომ, არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნებათ ან არასწორად ენიშნებათ სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, 5,1% იყო, ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

დებატების ფორმატში პატრიოტთა ალიანსის წევრმა სხდომათა დარბაზში სიუჟეტი წარადგინა, სადაც ოჯახი სიღარიბეზე საუბრობს.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მინისტრის თქმით, 2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე დაზუსტებული მონაცემები არსებობს: „სამედიცინო შემთხვევის მონიტორინგის შედეგად დაკავებულმა თანხამ, იგივე არასწორად მოთხოვნილმა თანხამ – შეადგინა თითქმის 68 მილიონი ლარი, კონტროლის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამო ბიუჯეტში აღდგენილი თანხის რაოდენობა – 70 მილიონ ლარზე მეტია, სამედიცინო საქმიანობის ხარისხის რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი გადაცდომების გამო ბიუჯეტში აღდგენილი თანხების ოდენობა – 2 მილიონ ლარზე მეტია.“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კითხვაზე, სამედიცინო დაზღვევის თანხების ათვისებასთან და მის კონტროლთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კონტროლს რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს.







მსგავსი თემები