სიმღერა „ღორის გრიპზე“ და ახალგაზრდა ქართველი „იუთუბერი“ – ინტერვიუ „მთავართან“

„ღორის ვირუსივით ვირუსული გახდა ეს სიმღერა“ –  ამბობს „ლაქ ბოი“, რომელიც ვიდეოების გადაღებით ბავშობიდან იყო გატაცებული. პატარა, ძველი ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებს კომპიუტერში თავისით აწყობდა. მონტაჟიც თვითონ ისწავლა. დროთა განმავლობაში, სხვა პროგრამებსაც გაუგო და ცოტა ხანში ისე დაიხვეწა, გადაწყვიტა, ამ ყველაფრისთვის სერიოზული სახე მიეცა.

ლუკა კვარაცხელია 20 წლის ქართველი „იუთუბერია“, რომლის ვიდეოებსაც ასიათასობით ნახვა აქვს, რაც ქართულ რეალობაში იშვიათობაა.

ლუკამ „იუთუბერობა“, დაახლოებით, 1 წლის წინ, „ლაქ ბოი“-ს მეტსახელით დაიწყო. ამჯერად 50 000 მიმდევარი ჰყავს. ძირითადად, “ვლოგებს” იღებს, თუმცა, მის შემოქმედებაში ორი მუსიკალური კლიპიცაა. ერთ-ერთმა მათგანმა, „სიმღერა ღორის გრიპზე“, ახალგაზრდას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ვიდეოკლიპი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და 2 მლნ-მდე ნახვაც დააგროვა.

გართობის გარდა, იუთუბერობა ლუკას შემოსავლის წყაროდ იქცა.  ვიდეოზე დაგროვილი ნახვებისა და მოწონებების მიხედვით, იუთუბი მას გარკვეულ თანხას უხდის. ამასთან, თანამშრომლობს კომპანიებთან და რეკლამის სახით, იქიდანაც იღებს შემოსავალს.

მედიაცენტრი მთავარი დაინტერესდა, უფრო მეტი გაეგო თვითნასწავლი ახალგაზრდის შესახებ.

„ლაქ ბოი“: ყველა  „ლაქ ბოის“ სახელით მიცნობს, სინამდვილეში, ლუკა კვარაცხელია ვარ, 20 წლის. დაახლოებით, 1 წლის წინ დავიწყე „იუთუბერობა“ და ეს სახელი დავირქვი. მინდოდა, რამე მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ამან გაამართლა. Luck – წარმატებას ნიშნავს და შემიძლია თამამად ვთქვა, ამ სახელმა წარმატება მომიტანა.

მედიაცენტრი მთავარი“: რამდენი ხანია, რაც დაინტერესებული ხართ გადაღებით?

„ლაქ ბოი“: ბავშვობიდან ჩემი სათამაშო და მეგობარი პატარა ციფრული კამერა იყო, რომლითაც ათასგვარ კადრებს ვიღებდი. სკოლაში სწავლის პერიოდში, აქტიურად დავიწყე გადაღებები, თანდათან რომ დავიხვეწე, დედაჩემმა ვიდეოკამერა მიყიდა, რამაც მოტივაცია უფრო გამიზარდა. შემდეგ რეგიონალურ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, სადაც მონტაჟი და გადაღების ტექნიკა უფრო დავხვეწე. ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის კახა კვარაცხელიას და ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.

მედიაცენტრი მთავარი: რატომ „იუთუბი“ და არა, რომელიმე მედიასაშუალება?

„ლაქ ბოი“: პირველ რიგში, ძალიან მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ, თან შემოსავალიც მაქვს. ტელევიზიაში მუშაობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა, ბევრი ვალდებულება და მოვალეობაა. როცა შენი თავის „უფროსი“ შენთვითონ ხარ, შენ წყვეტ, როდის რა გააკეთო, ან სულაც არ გააკეთო. ამიტომაც, იუთუბი სხვა ყველაფერთან ერთად, თავისუფლებას მანიჭებს. რამდენიმე წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი, შეიძლება ბედი ტელევიზიაშიც ვცადო. ჯერჯერობით, „იუთუბერობას“ ვაგრძელებ.

მედიაცენტრი მთავარი“: როგორია თქვენი იუთუბ კონტენტი და რას სთავაზობ მაყურებელს განსხვავებულს?

„ლაქ ბოი“:  ძირითადად, „ვლოგებს“ ვიღებ, „ჩელენჯებს“ (გამოწვევა), მაქვს ერთი ორი სიმღერა ჩაწერილი. მაყურებელს ვთავაზობ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ გადაღებულა. ყოველთვის ვცდილობ, გამომწერებს მივაწოდო განსხვავებული. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბევრს მოსწონს ჩემი არხი.

მედიაცენტრი მთავარი“: როგორ იქმნება თქვენი ვიდეოები?

„ლაქ ბოი“: პირველ რიგში, სცენარს ვწერ. შემდეგ გადაღებები იწყება, რომელშიც, ძირითადად, მეგობრები მყავს ჩართული. გააჩნია ვიდეოს, შეიძლება გადაღებას რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. ყოფილა შემთხვევა, სოფელში სპეციალურად ჩავსულვარ გადაღებისთვის, თბილისში დაბრუნებულს კი აღმომიჩენია, რომ ვიდეო არ მომწონს და თავიდან გადამიღია. ჩემთვის მთავარია ხარისხი. ერთიდაიგივე კადრს, თუნდაც რამდენიმეწამიანი იყოს, იმდენჯერ გადავიღებ, სანამ არ მომეწონება. ბოლოს, ყველაზე რთული ეტაპი დგება – მონტაჟი. სამწუხაროდ, არ მაქვს ძლიერი მონაცემის კომპიუტერი, ამიტომაც კადრების აწყობას გადაღებაზე მეტ დროს ვანდომებ. ბოლო ეტაპი ვიდეოსთვის სათაურის შერჩევა და მისი იუთუბზე განთავსებაა.

მედიაცენტრი მთავარი“: „სიმღერა ღორის გრიპზე“ საიგან გაჩნდა?

„ლაქ ბოი“: ღორის ვირუსივით ვირუსული გახდა ეს სიმღერა. ალბათ იმიტომ, რომ იმ პერიოდში მართლაც იყო ეს ეპიდემია, თან მარტივად ამყოლი ტექსტია. ამჟამად 2 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს. ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვლილი, მაგრამ ასეთ დიდ გამოხმაურებასაც არ ველოდი.

მედიაცენტრი მთავარი“: „იუთუბი“ თქვენთვის ბიზნესია?

„ლაქ ბოი“: 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ სახლიდან გაუსვლელად გქონდეს შემოსავალი. ერთ-ერთი წყარო – „იუთუბია“. ჩემს შემთხვევაში, მონეტიზაცია გვიან ჩავრთე. ნახვების მიხედვით, „იუთუბი“ მიხდის „ხელფასს“, რეკლამებიდანაც შემომდის გარკვეული თანხა. ვინც კრეატიულად მოაზროვნეა, იცის ტექნოლოგიები, შეუძლია „იუთუბის“ საშუალებით კარგი შემოსავალი ჰქონდეს.

მედიაცენტრი მთავარი“: ალბათ, ხალხი ქუჩაში გცნობთ…

„ლაქ ბოი“: ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, ამიტომაც, ვცდილობ ხოლმე, ფანებს თავი ავარიდო. მცნობენ, ფოტოს გადაღებას მთხოვენ, მეტიც, ავტოგრაფსაც, რაც ძალიან მსიამოვნეს და მაძლევს მოტივაციას, გავაკეთო უფრო მეტი და მეტი. მინდა, ჩემს გამომწერებს არ გავუცრუო იმედები და მათ კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტი შევთავაზო.

მედიაცენტრი მთავარი“: ამჟამად რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„ლაქ ბოი“: ამჟამად ვიდეო-საოპერატორო ხელოვნებაზე ვსწავლობ, პარალელურად, ვაგრძელებ იუთუბერობას. უკვე დაწყებული მაქვს ერთ ვიდეოზე მუშაობა, თუმცა, როდისთვის იქნება მზად, ვერ გეტყვით.

თაკო კვარაცხელია

მსგავსი თემები