„სიმართლე“ – ასე ჰქვია დაგროვილ თემებს, რაზეც ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ბოლო პერიოდში, მისი მისამართით დაგროვილ საკითხებზე საუბრობს და არსებულ კითხვებს პასუხობს. ამ წუთებში, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ მიმდინარეობს. „სიმართლე“  –  ასე დაიწყო ყოფილმა დეპუტატმა პრესკონფერენცია და აღნიშნა, რომ მისი მიზანია,  სწორედ სიმართლე ილაპარაკოს.    

„აქამდე „სიმართლე“  (ჩემი 2019 წლის 3 ოქტომბრის წერილის სათაური) იმიტომ არ გამოვაქვეყნე, რომ ვინმეს არ ეფიქრა პარლამენტარის სკამის შენარჩუნებისთვის ვირჯებოდი. 20 ივნისიდან 18 ივლისამდე თბილისში მომხდარი 4 ფაქტი ნათელს ხდის ოპოზიციის ნაწილის ძალადობრივი და პროვოკაციული მოქმედებების მიზანს – საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ხოლო როდესაც ეს არ გამოუვიდათ უკვე მისი პროვოცირებით „რუსთავი 2“-ის დარბევის მიღწევას“ – აღნიშნა დეპუტატმა და ნახსენებ 4 ფაქტზეც ისაუბრა.

„ეს ფაქტებია: 20-21 ივნისს პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შემდეგში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გარდაცვლილი ადამიანის საჯაროდ და უხამსად შეურაცხყოფა, ნიკა გვარამიას მიერ ქართული ღვინის და ტრადიციების აბუჩად აგდებით საზოგადოების პროვოცირება და ბოლოს სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ არქივის გასხვისება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის მიჩქმალვაც მათთვის აუცილებელი გახდა ამ დღეებში, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა და გამოკვეთა სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომები, ისევე როგორც ციალა შანავას შემთხვევაში“ – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მოელოდნენ რა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, ამიტომ წავიდნენ ვა-ბანკზე 20 ივნისიდან 18 ივლისამდე პერიოდში და სწორედ  მედია ძალაუფლების დაკარგვის შიშმა გადააწყვეტინა მათ მოვლენები რევოლუციური გზით წარემართათ.

„ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის“ დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამ ხაფანგმაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს“ – აცხადებს ქუცნაშვილი.

ყოფილი დეპუტატი „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ თბილისში გამართვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანი იყო.

„საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზნით მათ IAO-ს 26-ე გენერალური სესიის თბილისში გამართვა, რომელშიც 3 კონტინენტის 23 სახელმწიფოს დეპუტაცია იღებდა მონაწილეობას, წარმოაჩინეს როგორც მხოლოდ რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით გამართული რიგითი ღონისძიება რომელშიც, საქართველოს, თითქოს, კონკრეტული მიზნები არ ჰქონდა. რეალურად ესოდენ მნიშვნელოვანი ასამბლეის პირველად მასპინძლობა ქვეყანას ცნობადობის გაზრდაში, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებაში, მართლმადიდებლურ  სამყაროში ჩვენი ღირსეული ადგილის მონიშნვაში და ბოლოს პილიგრიმული ტურიზმის განვითარებაში გვიწყობდა ხელს. ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესის ნაწილია“ – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ ამ წუთებშიც გრძელდება. ის მედიის ყველა კითხვას უპასუხებს.

მსგავსი თემები