2019, გამარჯვებების წელი ყოფილიყოს – “სიკეთის ბარათები” ნინო სურგულაძისგან

“ვულოცავ ყველას ახალ წელს! ვისურვებდი, 2019 წელი ბედნიერებისა და გარჯვებების წელი ყოფილიყოს. ბევრი დადებითი ემოცია, ბევრი სიყვარული და სიკეთე იყოს ჩვენი თანამგზავრი მთელი 2019 წლის განმავლობაში, და რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი”, – განუცხადა ცნობილმა მეცო-სოპრანომ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლმა ნინო სურგულაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

პირველ იანვარს, იგი სამტრედიაში იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს “სიკეთის ბარათები” გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა. ასევე, ესტუმრა სათნოების სახლს, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს და ყველა მათგანს პირადად მიულოცა ახალი წელი.

ნინო სურგულაძის “სიკეთის ბარათების” ინიციატივას, რომელიც 7 იანვრიდან დაიწყება,  უკვე გამოეხმაურნენ რეგიონებიდან. იგი სამტრედიაში ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ სერგი რუხაძის მიწვევით ჩავიდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები სამტრედიაში და გავიცანი არაჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც სიდუხჭირის მიუხედავად, ინარჩუნებენ სიკეთეს, სითბოს, სიყვარულს, ვიყავი სათნოების სახლში და მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონ სერგი რუხაძეს, რომელმაც მომიწვია“, – განაცხადა სურგულაძემ.​

სერგი რუხაძე იმედოვნებს, რომ “ნატვრის ხეს” სხვებიც დაუდგებიან მხარში და მსგავს აქციებს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ “სიკეთის ბარათები” სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც ყველაზე დაბალი – 1000 ან ნაკლები ქულა აქვთ. „ნატვრის ხე“ ამ ეტაპზე, 287 მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება, სადაც 400-ზე მეტი შშმ ბავშვია.

“სიკეთის ბარათები:” საერთაშორისო ფონდ „ნატვრის ხის“ ახალი ინიციატივაა. სოციალურად დაუცველი ოჯახები მას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური აგენტების მეშვეობით მიიღებენ. აქცია 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიწყება და პირველ აპრილამდე გასტანს.

მსგავსი თემები