სიბინძურე და ანტისანიტარია – დასკვნა, რომელიც სკოლის დირექტორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

„მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტუალეტებში იყო სიბინძურე და ანტისანიტარია, ტუალეტები არ იყო დალაგებული, ეყარა სიგარეტის ნამწვავები, იდგა მძაფრი, არასასიამოვნო კანალიზაციის სუნი“, – ეს იმ მძიმე ბრალდებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სკოლის დირექტორისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

​დასკვნა, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ გადასცეს, 2211181000 ასეა დანომრილი. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩაატარა. 25 გვერდიან დოკუმენტს ხელს ინსპექტირების სამსახურის უფროსი თეონა გაბიჩვაძე აწერს. დოკუმენტის ტექსტი კი საკმაოდ მძიმე წასაკითხი და მძიმე ბრალდებებით გაჯერებულია.

დასკვნის ერთ-ერთი ნაწილი სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, ეზოსა და სპორტული დარბაზის დათვალიერებას ეხება. კერძოდ, კი ვკითხულობთ: „მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტუალეტებში იყო სიბინძურე და ანტისანიტარია, ტუალეტები არ იყო დალაგებული, ეყარა სიგარეტის ნამწვავები, იდგა მძაფრი, კანალიზაციის უსიამოვნო სუნი, არ იყო საპონი და ქაღალდი, ხელსაბანი ნიჟარა იყო დაბინძურებული, რიგ კაბინებში არ იყო განთავსებული ურნა, ან სხვა საშუალება ნაგვისთვის. ჩაკეტილი იყო სკოლის პირველ სართულზე არსებული 2 ტუალეტი. ერთ-ერთის შესასვლელ კარზე იყო აღნიშვნა: „უწყლობის გამო დროებით დაკეტილია“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით, აღნიშნული ქმედებებით დირექტორმა „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი დაარღვია.

„ასევე დადგინდა, რომ სკოლის ეზოში არსებულ წყლის ონკანში ინსპექტირების განხორციელების დღეს და ინსპექტირების დასრულების დღისთვის იყო ნაგავი. ყოველივე აქედან გამომდინარე, სკოლის მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი სკოლაში მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად. არაჯანსაღი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებული პირების ჯანმრთელობაზე, სკოლა ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომები ზემოაღნიშნული პირობების ჯანმრთელობის დაცვის, შენარჩუნების, განმტკიცების, არაჯანსაღი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკისა და უსაფრთხო გარემო-პირობების შექმნის კუთხით. აღნიშნულით დარღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #80ნ ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი”, – წერია დოკუმენტში.

მსგავსი თემები