სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, სანქცია – ჯარიმა და პატიმრობა

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა შეიმუშავა, შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. საუბარია, „საქართველოს შრომის კოდექსში“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის ავტორი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა, ინიციატორი კი დეპუტატთა ჯგუფი თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

კანონპროექტის მიხედვით, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის ღირსების შელახვა და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა. მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, რომელიც პირველივე შემთხვევისას ოქმით აფორმებს დარღვევას, გამოწერს სანქციას, რაზეც უკვე დასტურს სასამართლო ახორციელებს.

საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმართვიანობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული იყო სამ თვემდე ვადით, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებებით ეს ვადა გაიზარდა ერთ წლამდე.

სექსუალურ შევიწყოებაზე, კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც საჯარიმო სანქციებს, ისე პატიმრობას. სახდელის ერთ-ერთი სახეა 300-დან 1000 ლარამდე ჯარიმა და გამოსასწორებელი სამუშაოები. პირველ შემთხვევაში, ჯარიმა გათვალისწინებულია 300 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში – 500 ლარის, დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენა 500-800 ლარის, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის განმეორების ჩადენის შემთხვევაში კი 800-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ცვლილების მიხედვით, სახალხო დამცველს ეძლევა შესაძლებლობა კერძო კომპანიებისა და დამსაქმებლებისგანაც გამოითხოვოს ინფორმაცია, შეისწავლოს შევიწროების შემთხვევები და გასცეს რეკომენდაციები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ის უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ტუღუში, ავტორი კი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.

მსგავსი თემები