სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას მოსკოვში ხიდი ჩაინგრა

მოსკოვში, გორკის პარკში მოწყობილ საციგურაო მოედანზე საფეხმავლო ხიდი ახალი წლის ღამით, იმ დროს ჩაინგრა, როცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნი სრულდებოდა, – ამის შესახებ ინტერნეტსაიტი censor.net.ua იტყობინება.

​როგორც მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი იტყობინება, 13 ადამიანი დაზარალდა, თუმცა ძლიერი ტრავმები არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილას მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ჩანგრევის მომენტში ხის ხიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა, თუმცა ყინულზე ციგურებით გართობას მოქალაქეები კვლავ განაგრძობდნენ. ​ახალი წლის ღამით გორკის პარკში 6-საათიანი საახალწლო კონცერტი იმართებოდა.

როგორც მოსკოვის მერიაში აცხადებენ, ხიდის კონსტრუქცია ჩაინგრა სისტემის დაზიანების გამო.
პარკის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა.

მსგავსი თემები