სახელმწიფო შეღავათებით კიდევ 26 ათასი ადამიანი ისარგებლებს – ცვლილებები მთის კანონში

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. პროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას, რის საფუძველზე აქ მცხოვრებ დაახლოებით 26 ათას რეგისტრირებულ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლონ კანონმდებლობით დაწესებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭებათ 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.

ასევე, იცვლება 2000-ზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა. აგრეთვე, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში – თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარეობს.

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246 ათასზე მეტი მოქალაქე.

მსგავსი თემები