სახელმწიფო აუდიტის დასკვნა – „საინფორმაციო კამპანიაში დახარჯული 900 ათასი ლარის მიუხედავად, მოსახლეობის 29% არ ფლობს ინფორმაციას როგორ ებრძოლოს ფაროსანას“

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მთავრობის აქტივობა მავნებლის წინააღმდე ნაკლებად ეფექტიანი იყო, რადგან 2017 წლის გეგმა ითვალისწინებდა მხოლოდ თხილის კულტურის და მხოლოდ 5 ჰექტარზე ნაკლები ფართობების მქონე ნაკვეთების დამუშავებას. მათ, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი თხილნარი ჰქონდა, მთავრობამ მსხვილ მეწარმედ შეაფასა და მცენარეთა დასაცავი ღონისძიებები მას თავად უნდა მოეხერხებინა. აიდიტის დაკვნაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებები მოიცავდა ძირითად მოწყვლად ჯგუფს − მოსახლეობას, რომელთა უმეტესობის სარგებლობაში არსებული თხილის ნარგავები შეადგენდა 0-დან 5 ჰექტრამდე ფართობს. არ არსებობს კონტროლი რწმუნების მისაღებად, რომ მსხვილმა მეწარმეებმა დაამუშავეს საკუთარი ნაკვეთები. დამუშავდა სიმინდის ფართობების მხოლოდ ნაწილი.

 სააგენტოს ინფორმაციით 2017 წელს 230,000 ოჯახს გადაეცა ინსექტიციდი. თავად სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულია 734 ბენეფიციარი საიდანაც 25%-ს პესტიციდი საერთოდ არ გამოუყენებია.

 „2018 წელს ძირითადად შეიწამლა თხილის და სიმინდის ნაკვეთები, ხოლო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დამუშავდა მხოლოდ გზისპირების სიახლოვეს, 150 მეტრამდე რადიუსით. ძირითადად გამოყენებული იყო თერმული ნისლის ტექნოლოგია, რომელიც მავნებელზე რესპირატორული გზით მოქმედებს და ნარჩენი მოქმედების ეფექტი არ გააჩნია. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რჩებოდა დაუმუშავებელი ტერიტორიები, საიდანაც დამუშავებულ ფართობებზე ფაროსანას მიგრაციის რისკი მაღალი იყო,“ – აღნიშნულია ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

სააგენტოს განმარტებით,  ,,ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით დამტკიცებული პროგრამით, სახელმწიფოს არ აუღია ვალდებულება, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეძლებდა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას, შესაბამისად, ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, სლოგანით − ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“. სააგენტოს ხელთ არსებული სპეციალიზებული ტექნიკით, რომელიც გათვალისწინებულია დიდი ფართობების დასამუშავებლად, დაუშვებელია, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სასოფლო-­სამეურნეო და დეკორატიული კულტურები, ასევე შინაური ცხოველები, ნარჩენი მოქმედების ბიფენტრინის შემცველი პესტიციდების გამოყენებით მასობრივი შეწამვლითი სამუშაოების განხორციელება.

ამ ნაკლოვანებების აღმოჩენის პარალელურად სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომლის მიხედვით მავნებლის პოპულაციაზე კონტროლის გასაძლიერებლად და მიგრაციის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უნდა შეიმუშაოს, დაგეგმოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები და მათი მონიტორინგის სისტემა, რაც უზრუნველყოფს გავრცელების კერების მაქსიმალურ დაფარვას მავნებლებთან ბრძოლის კომბინირებული და კომპლექსური მეთოდებით.

„მავნებლებთან წინააღმდეგ ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და საკუთარი როლის გაცნობიერება, ვინაიდან სასოფლო-­სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილი მოქცეულია ეზოებში. აზიური ფაროსანას გამოზამთრების ადგილია შენობები. მოზამთრე ფაზის განადგურება მომდევნო წელს მავნებლის რიცხოვნობის ზრდის შეჩერების წინაპირობაა. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის ზრდას, რაც დადებითად აისახება აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებაზე,“ – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გაცემულ სარეკომენდაციო წერილში.

სახელმწიფოს აუდიტის დასვნით ხარვეზებია სააგენტომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით 2017-2018 წლებში განახორციელებულ საინფორმაციო კამპანიებში. დასკვნის მიხედვით, ამისთვის დახარჯულია დაახლოებით, 900,000 ლარი. საინფორმაციო კამპანიის განხორციელების ძირითად წყაროს წარმოადგენდა მედია, სოციალური ქსელები, ბეჭდური მასალები და მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობა. ეფექტიანობის დასკვნის მიხედვით, მოსახლეობისთვის სხვადასხვა საშუალებებით მიწოდებული ინფორმაციის მიუხედავად, ცნობიერების დონე მაინც დაბალია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ  სააგენტოს მიერ გამოყენებული ინფორმირების მექანიზმები საჭირო, თუმცა არასაკმარისია.

„პროგრამის ბენეფიციარია, დაახლოებით, 230,000 ოჯახი. სააგენტოს მიერ მოწოდებული 945 ჩანაწერიდან, 270 შემთხვევაში (29%) მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების, პესტიციდების გამოყენების ინსტრუქციის და სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოსული ზარებიდან 590 შემთხვევაში (62%), მოსახლეობა ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას და მათი კუთვნილი ბაღების დამუშავებას. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსახლეობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი მავნებლებთან ბრძოლის საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოჯახს გადაეცა ერთი ლიტრი პესტიციდი და საინფორმაციო ბეჭდური მასალა მავნებლის წინააღმდეგ, მათ შორის, სახლის პირობებში ბრძოლის მეთოდების, პესტიციდების გამოყენებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ,“ – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით, შესაძლოა უფრო პროდუქტიული და ეფექტიანი იყოს ფერმერებისთვის ინფორმაციის უშუალოდ მიწოდება, ფოკუსჯგუფების განსაზღვრა პრიორიტეტების მიხედვით და ტრენინგების ჩატარება არა მხოლოდ აზიური ფაროსანას, არამედ, ზოგადად, მავნებლების წინააღმდეგ მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობის და ბრძოლის მეთოდების შესახებ.

მსგავსი თემები