სახაზინო ადვოკატები მათ მიმართ კონტროლის მექანიზმების დაწესებას აპროტესტებენ

საზოგადოებრივი ადვოკატები, მათი სამსახურის რეგულირების ახალ სტანდარტებს აპროტესტებენ. საუბარია “იურიდიული დახმარების სამსახურის” მიერ შემუშავებულ აქტზე, რომელიც ადვოკატებს, მათი საქმიანობის შეფასების ახალ კრიტერიუმებს უწესებს. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე სახაზინო ადვოკატებისგან ითხოვენ ინფორმაციას ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, იქნება ეს კლიენტის დაცვის ტაქტიკა, სტრატეგია თუ პოზიცია.

საზოგადოებრივი ადვოკატები აცხადებენ, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია და მესამე პირის ჩარევა მიუღებელია, ახალი აქტი კი სწორედ ამას ისახავს მიზნად.  ადვოკატების გაკონტროლების მექანიზმის შექმნა, მათი აზრით, არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.

აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს  სარჩელით უკვე მიმართეს.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ადვოკატების წარმომადგენელმა სასამართლოზე გიორგი თითბერიძემ განაცხადა, საუბარია იურიდიული სამსახურის ადვოკატების პროფესიული ღირსების დაცვაზე. ამ სამსახურის ადვოკატების მიმართ ჩვეულებრივად მოქმედებს “ადვოკატთა ეთიკის კოდექსი” და “საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ”, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება.

​სისტემა, რომელიც შეიმუშავა “უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა” ძირეულად ეწინააღმდეგება მოცემულ პრინციპს. ჩვენს პოზიციას იზიარებს, ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (CCBE), რომელმაც  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის საბჭოს და ადვოკატთა ასოციაციას გამოუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ხარისხის შეფასების შემოთავაზებული წესები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6-ე მუხლს, სამართლიანი სასამართლო-განხილვის არსებობას.

„CCBE გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან  აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს იურიდიული პროფესიის უმთავრესი პრინციპების – დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დარღვევა”, – ნათქვამია წერილში.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საქართველოში მომავალშიც იქნება დაცული  ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ონისე მარგიანი აცხადებს, რომ კომიტეტი სრულად იზიარებს სახაზინო ადვოკატების პოზიციას და მიაჩნია, რომ  იურიდიული სამსახურის მიერ დადგენილი ადვოკატის საქმიანობის ხარისხის შეფასების წესი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ადვოკატის დამოუკიდებლობას და პროფესიული საიდუმლოებების დაცვის პრინციპებს.

​მისივე თქმით, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის ადამიანი და დამოუკიდებლად ირჩევს დაცვის სტრატეგიას.

აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის” მიერ შემუშავებული აქტი ეყრდნობა შოტლანდიის მაგალითს. დოკუმენტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი მელიტონ ბენიძე. აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო განხილვა 2017 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფინალური ეტაპი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალისთვის არის ჩანიშნული.

მსგავსი თემები