საცხენოსნო სპორტის განსავითარებლად ქართული ჯიშის ცხენებს გაამრავლებენ

​საცხენოსნო სპორტის განსავითარებლად მცხეთასთან ახლოს, შესაძლოა, საცხენოსნო ფერმა აშენდეს, სადაც ქართული ჯიშის ცხენების პოპულარიზაცია-გამრავლება და მათი პასპორტიზაცია განხორციელდება. ქართული ცხენოსნობის ტრადიციების აღდგენის იდეა, საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლაშა ჯაიანს ეკუთვნის, რომელიც მან პარლამენტარებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააცნო. ასევე, ისაუბრა საცხენოსნო სპორტში წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და დღეს არსებულ პრობლემებზე.

როგორც ლაშა ჯანაშია აცხადებს, ცხენოსნობის ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მეცხენეობა და საცხენოსნო სპორტი, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს. სფეროს აღორძინებასა და განვითარებას შესაბამისი ფინანსური რესურსი სჭირდება, ფედერაცია კი ამ მხრივ სახელმწიფოსგან მიზერულ თანხებს იღებს.

მისივე თქმით, მართალია სპორტის ეს სახეობა საკმაოდ მოცულობით ფინანსურ ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა მისი განვითარების შემთხვევაში, საცხენოსნო სპორტის და ტურიზმის სფეროდან მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

​დეპუტატებმა ჯანაშიას იდეას მხარი დაუჭირეს, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა დეტალურად გაიწეროს სპორტის ამ სფეროს განვითარების სტრატეგია და მისი მოსალოდნელი შედეგები, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზრდილი თანხების გამოყოფის მოთხოვნა და კერძო ინვესტორების დაინტერესება.

საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე მოწვეულმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტარებს, საცხენოსნო ფერმისთვის ტერიტორია დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს შესთავაზა, თუმცა, მისი თქმით, ფედერაციამ პირველ რიგში, საცხენოსნო ფერმის მშენებლობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა წარმოადგინოს.

„თუ იქნება მზაობა და თანხმობა ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი ადგილის გამონახვა, სადაც საცხენოსნო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და მზად ვართ ჩავერთოთ ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელებაში“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

საცხენოსნო ფერმის მშენებლობისთვის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობებზე იმსჯელა.

მსგავსი თემები