საქართველო, ჯანდაცვის სერვისების თვალსაზრისით, რეგიონული ლიდერი უნდა გახდეს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, საქართველო რეგიონში, ეკონომიკურ ცენტრად უნდა იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით ის ლიდერი ქვეყანა უნდა გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა.  

​როგორც მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტში გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, მაგრამ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგებას. 

“ყველას ვპირდები, ამ ხარვეზებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ, “ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი კორპუსი დაათვალიერა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო.

კლინიკის ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული. ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება.

მსგავსი თემები