“საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველო არის ბედნიერი და იშვიათი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მისი თქმით,  თუ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის.

„მთელ მსოფლიოში საშუალოდ იზრდება ყველგან შემთხვევათა რაოდენობა. ზოგიერთ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში იკლებს, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. უშუალოდ ჩვენ სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩვენნაირი სურათია ვირუსის. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში აღინიშნება მატება და მათ შორის არის ევროპის ქვეყნები, მაგალითად უკრაინა, ინგლისი და სხვა.

რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა. თუ ჩვენ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ მთელ ევროპაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთელმა ვერტიკალმა, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ პანდემიაზე, ძალიან კარგად იმუშავა.

„ეს კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რომ საქართველოს მთელმა ვერტიკალმა, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ პანდემიაზე, დაწყებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, გაგრძელებული ჯანდაცვის სამინისტროთი და დამთავრებული საქართველოს მთავრობით და პირადად პრემიერით, იმუშავეს არა უბრალოდ კარგად, არამედ ძალიან კარგად. მათ მიერ გატარებული საპასუხო ზომები იყო დროული, ადეკვატური და ეფექტიანი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვხსენით საგანგებო მდგომარეობა, მოვხსენით შეზღუდვების უმრავლესობა და შევინარჩუნეთ ეს ძალიან დაბალი დონე, ე.ი. მათი გატარებული საპასუხო ზომები ყოფილა არამხოლოდ დროული და ეფექტიანი, არამედ ძალიან მდგრადი“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოში კოლაფსი გამოიწვიოს, ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

„მანამდე ჩვენ არანაირ მატებას არ ველით, რადგან ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ინფექცია ფაქტობრივად და ვისგან უნდა გავრცელდეს? საქართველომ გაუძლო პირველ გამოცდას, როცა საჭირო იყო ინფექციის შეკავება, გაუძლო მეორე გამოცდას, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და არ გაიზარდა ახალი შემთხვევები. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს. თუ ეს ასე არ მოხდა და შემთხვევები გაიზარდა, ამისთვის ჩვენ უნდ ვიყოთ მზად, პირველ რიგში კლინიკური სექტორი. მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კლინიკური სექტორი, როგორც მომზადებული და წარმატებული შეხვდა პირველ ტალღას ისე, რომ თავისი შესაძლებლობების ერთი/მეხუთედის გამოვლენაც კი არ დასჭირვებია, თუ იქნება ახალი ტალღა ტურიზმის გახსნის მერე, ჰოსპიტალური სექტორი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეხვდება ასევე მომზადებული.

სიტყვა კოლაფსი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში უკვე იყო და ბევრ ქვეყანას მოელის, საქართველოს ეს არ ემუქრება. სიტყვა კოლაფსის გამოყენება საქართველოს ჯანდაცვასთან მიმართებაში არ დაგვჭირდება“,-  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები