საქართველო – რუსეთის ურთიერთობების განვითარებაში პრობლემა არის ნატო – გრიგორ კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, პრაღაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს აფასებს და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით არსებობს.  

“რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების პროცესში სირთულეები კვლავ რჩება. მათ შორის უმთავრესი ის არის, რომ ნატო კვლავ რჩება ოფიციალური თბილისის დღის წესრიგში. საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, სურთ, ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ჩატარდეს”, – კარასინის სიტყვებს РИА Новости ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ რუსეთი, საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების გზაზე მთავარ დაბრკოლებას სწორედ ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაში ხედავს, რის შესახებაც მოსკოვი რეგულარულად და ღიას საუბრობს მოლაპარაკებების დროს.  

“ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ახალარჩეული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მკვეთრი განცხადებები. ისინი საუბრობენ ნატო-ს მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხის შემცველია. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას ხელს არ უწყობ”, – აცხადებს რუსი დიპლომატი “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

კარასინის მოსაზრებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება. 

“საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა, თუმცა მასთან ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად”, – განაცხადა კარასინმა.

მსგავსი თემები