“არ მინდა საქართველო ნარკომწარმოებელი და ჩამორჩენილი ქვეყნების სიაში მოხვდეს” – შეიხი

სრულიად საქართველოს მუსლიმ სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი, საქართველოში კანაფის საექსპორტოდ წარმოების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის საგარეო იმიჯზე უარყოფითად აისახება და განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ ქვეყანას შუა აზიის იმ ჩამორჩენილ ქვეყნებს დაამსგავსებს, სადაც ძირითადად მსაგვსი საქმეებით არიან დაკავებულები.

​შეიხის აზრით, მარიხუანის ექსპორტით შესაძლოა გარკვეული ფინანსური სარგებელი მართლაც ნახოს ქვეყანამ, მაგრამ 2-3 -ჯერ მეტად დაზარალდება ქართველი ერი.

“ზოგი ქვეყნის სახელი რომ გვესმის, პირველ რიგში მოგვდის აზრად ის, თუ რა იწარმოება ამ ქვეყანაში. არ მინდა, ჩემი ქვეყანაც იმ ქვეყნების სიაში შედიოდეს, სადაც “საქართველოს” ხსენებისას ნარკოტიკებს წარმოიდგენენ. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენმა ორგანიზაციამ იმ დღესვე გააკეთა განცხადება და დაგმო ეს გადაწყვეტილება. შევეცდებით ყველა სახელმწიფო ორგანოს მივმართოთ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ნაბიჯების გადადგმისგან. მოვითხოვთ მაქსიმალურად მკაცრად გაკონტროლდეს ეს სფერო. შეიძლება ექსპორტით რამე სარგებელი მართლაც ნახოს ქვეყანამ, მაგრამ 2-3 -ჯერ მეტად დაზარალდება ჩვენი ერი”, – განაცხადა შეიხმა რამინ იდიგოვმა “მედიაცენტრ მთვარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისივე თქმით, საქართველოს მუსლიმთა თემი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას, ამას მათი რელიგიაც კრძალავს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის ახალგაზრდები დაუსაქმებლები არიან და დროს ქუჩაში დგომასა და გართობაში ატარებენ, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მათ კიდევ უფრო დააზარალებს. კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება ნარკოტიკის მიმართ ინტერესი.

“ჩვენი აზრით, მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანის ლეგალიზება იქნება ბიძგის მიმცემი მძიმე ნარკოტიკების მოხმარებისკენ. როდესაც კონკრეტული აკრძალვა ბათილდება, არ აქვს მნიშვნელობა ნარკოტიკული საშუალება მსუბუქია თუ მძიმე, და ის ხელმისაწვდომი ხდება ახალგაზრდებში, ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. ეს მომავალი თაობისთვის იქნება დამაზიანებელი. ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაკავებული სწავლა-განათლებით და მეცნიერებით. ჩვენ ამას თუ დავუშვებთ, ამით ახალგაზრდა თაობის, მათ მომავალს გავანადგურებთ. ნარკოტიკები ისლამში არის მიუღებელი და აკრძალული. ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება, მისი ნებისმიერი სახით მოყვანა, კულტივაცია და გატანა, ჩვენთვის მიუღებელია, ამას ვერ შევაფასებთ დადებითად”, – აცხადებს შეიხი.

მსგავსი თემები