“საქართველო მუხლჩაუხრელი შრომით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა უნდა გავხადოთ, დავიწყოთ აბასთუმნით” – ბიძინა ივანიშვილი

“საქართველო მუხლჩაუხრელი შრომით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა უნდა გავხადოთ, დავიწყოთ აბასთუმნით”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში განაცხადა.

დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ბიძინა ივანიშვილმა მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე  მიულოცა და აღნიშნა, რომ აბასთუმანი უნდა გახდეს საუკეთესო ცენტრი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

„წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ, ყველამ უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღე მრევლს მეუფე თეოდორემაც მიულოცა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა აწყურის ტაძრის მშენებლობა.

„ბატონი ბიძინას დამსახურება და მისი პირადი შეწევნაა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით, რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში, რომელიც ანდრია პირველწოდებულის მიერაა დაარსებული. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის, აგარების, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, აბასთუმანში დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად”, – აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
 

მსგავსი თემები