“საქართველო მზად არის, გადავიდეს ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე” – არჩილ თალაკვაძე

„საარჩევნო რეფორმა არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული.

„საზოგადოებამ კარგად იცის, სად ვიყავით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, სად ვართ ახლა და როგორ მომავალს ვაშენებთ – ამის დასტური არის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერით ატარებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, რომელსაც, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ  ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, ვინც მხარს უჭერს ამა თუ იმ პარტიას, უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს.

ეს არის უფრო დაბალანსებული, უფრო საქმიანი პოლიტიკური სისტემა. ჩვენ ერთად მოვახერხეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა საზოგადოებამ, რომ საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე. ასევე,  ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სასამართლო რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.  ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა. მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება და მაღალი მხარდაჭერით, მას აუცილებლად დავამტკიცებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმას ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია განათლების სფერო, რასაც ადასტურებს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის 25% ამ მიმართულებით მიიმართოს.

„ჩვენთვის  მნიშვნელოვანია მომავალი და ახალი თაობა, რომელმაც ახალი სიტყვა უნდა თქვას.  სტუდენტები დაბრუნდებიან ქვეყანაში კარგი განათლებით, ახალი იდეებით. ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით საჯარო სექტორს და პოლიტიკურ პროცესს, რომ ახალგაზრდებმა თვითონ მიიღონ ამაში მონაწილეობა. შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ როგორც მათ მონაწილეობას, საჯარო სექტორსა და პოლიტიკაში, ასევე, ეკონომიკაშიც, ბიზნესშიც შეიქმნას ახალი კლასი, ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შრომით წარმატებების მიღწევა და კეთილდღეობის შექმნა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

მსგავსი თემები