საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც C ჰეპატიტს დაამარცხებს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე – “მიღწევები ელიმინაციის გზაზე”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით მოქალაქე სრულიად განიკურნა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება წარმოუდგენელი იყი.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. “დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს”, – აცხადებს პრემიერი. 

მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება ევროპაში პირველად იმართება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა. რაც საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარებაა.

„2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ დაავადებასთან ბრძოლაში საჭიროა, როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა. 

პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების – სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.

ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ.

შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

მსგავსი თემები