საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო. “Doubleman” – ასე ჰქვია ქართულ-ტაილანდურ კინო პროდუქციას, რომელზეც ტაილანდური კომპანია “Kantana Motion Pictures”, ქართულ “Georgian Film Production”–თან ერთად მუშაობს. 

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქართული ფილმის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა თაკო ჟღენტმა განუცხადა, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ სცენებში, 1870-იანი წლების ნიუ–იორკში ხდება მოქმედება. მისი თქმით, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, მსოფლიო კინო ინდუსტრიისთვის აქტუალური ხდება. 

“პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები. კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს”, – განაცხადა თაკო ჟღენტმა. 

ტელესერიალის გადაღებები 30 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 380-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 26 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 11 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 67 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი სულ შეიქმნება 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

მსგავსი თემები