საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმები უნდა არსებობდეს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში, რუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ მედიაკონფერენციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დაუშვებელია ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს, ამისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმი.

​როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს.

“რუსეთის “რბილი ძალა” არა მხოლოდ საქართველოსთვის, ის მთელი ევროპისთვის გახდა გამოწვევა. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმები, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე”, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, საქართველო ღიაა ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, მაგრამ საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი ცივილური არჩევანი. ამ გზაზე ქვეყანა დგამს პრინციპულ ნაბიჯებს და არის წარმატებული. ხოლო იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უჭერენ მხარს საქართველოს საგარეო კურსს, კეთილი უნდა ინებონ და ობიექტური შეფასებები გააკეთონ ევროპელი კოლეგების განცხადებებზე.

“მიგვაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსული პროპაგანდა ვერ ჰპოვებს ასახვას მოსახლეობაზე”, – აცხადებს პრემიერი.   ​

თბილისში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებულ მედიაკონფერენცია  მიმდინარეობს. ღონისძიება „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“  7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები