საქართველოში პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი ვერ შეიქმნა, არ არსებობს ტრადიცია – ჯაბა სამუშია 

ისტორიკოსისა და ყოფილი დეპუტატის, ჯაბა სამუშიას მოსაზრებით, საქართველოში ვერ მოხერხდა პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის ფორმირება, რასაც ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის.

როგორც ჯაბა სამუშიამ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. თვალი რომ გადავავლოთ მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმირების პროცესს, დავინახავთ, რომ იყო ჩავარდნა, მერე ისევ გაძლიერება და ისევ ჩავარდნა. ვერ მოხერხდა ამ ინტიტუტის ერთიანი სახის ჩამოყალიბება, ამის გამო, არ გაგვაჩნია რიტუალი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს პრეზიდენტის ინაუგურაცია.

ჯაბა სამუშიას თქმით, ამ თვალსაზრისით ყველა ქვეყნაში არსებობს გარკვეული სტანდარტი, თუმცა ეს სტანდარტი არ არის ერთნაირი.

“მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, შშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას აქვს თავისი წესი, რომლის ძირითადი ელემენტები, თითქმის ორ საუკუნეზე მეტია არ შეცვლილა. თეთრ სახლში როდესაც შედის ახალი პრეზიდენტი, ფიცის დადების ცერემონიალი კაპიტოლიუმის შენობასთან იმართება, თუმცა შიგნით გარკვეული ცვლილებები ხდება. კაპიტოლიუმის რომელ მხარეს მოხდებოდა ინაუგურაცია ეს სამჯერ შეიცვალა, ბოლო ცვლილება როლანდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს იყო. იგივე  შეგვიძლია ვთქვათ საფრანგეთზეც, სადაც მარტივად ტარდება ინაუგურაცია. როდესაც, ახალი პრეზიდენტი  საპრეზიდენტო სასახლეში ძველ პრეზიდენტს ესტუმრება, მასთან საუბრობს და შემდგომ აცილებს ძველ პრეზიდენტს სასახლიდან. მაგალითად სარკოზი კიბეებთან დაემშვიდობა ყოფილ პრეზიდენტს და ამით, მთლიანად დაარღვია ეტიკეტი, რასაც მოჰყვა ხმაური პრესის ფურცლებზე”, – აცხადებს ჯაბა სამუშია.

​მისივე თქმით, დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, თუ როგორ უნდა იმართებოდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ამ ქვეყნებშიც არ არსებობს. ინაუგურაციის წესებს ყველაზე მკაცრად ჩეხეთში იცავენ, სადაც  პრეზიდენტის ფიცის ტექსტშიც კი არ შეიძლება ცვლილების შეტანა, თუმცა ღონისძიების გარკვეული დეტალები ზოგჯერ შესაძლოა შეიცვალოს.

“ჩვენდა სამწუხაროდ არ გვაქვს, თუნდაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მწყობრად ჩამოყალიბებული ტრადიცია, რომელზეც ვინმე იტყვის რომ ამ ტრადიციის გადახვევა არ შეიძლება. რაც შეეხება ეტიკეტს, მას აქვს თავისი გამოკვეთილი ფორმა და ბუნებრივია პრეზიდენტის ჩაცმულობასაც აქვს თავისი გამოკვეთილი სახე. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ სტანდარტი დაინგრა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე პრეზიდენტები, რომლებიც ერთმანეთს​ არაოფიციალურ გარემოში ხვდებიან, თუმცა აქაც არის გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად ინაუგურაციაზე პრეზიდენტი ჯინსებით არ უნდა მივიდეს, ამ შემთხვევაში მოქმედებს დიპლომატიური ეტიკეტი”, – აცხადებს ჯაბა სამუშია.

 

მსგავსი თემები