“საქართველოში პიკი არ გვქონია, თუმცა მუდმივად ველოდებით, რომ შესაძლოა, გარკვეული პიკური მაჩვენებელი იყოს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა და ერთობლივი ღონისძიებებით ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელი გახდა.

თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რიცხვი არ შეიძლება, გაიზარდოს.

„საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება, არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება, დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არის რესურსი იმის, რომ ყველა ინფიცირებულის სტაციონარში მკურნალობა მოხდეს.

„თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში. ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს, საკარანტინო ზონებში განხორციელებული, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“,- გაანცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები