“დამელოდე, საქართველო!” – 9 წლის ლუკას “საზღვრისპირა” სოფლის დარდი

„მე მინდა გამოვიდე პროფესიით გენერალი, მინდა ვიდგე პერევის საზღვარზე, გავწვრთნა ბევრი ჯარისკაცი. მინდა ჩემი გაწვრთნილი ჯარისკაცები ჩემსავით გმირები და თავდადებულები იყვნენ.

მე პერევის საზღვარზე იმიტომ მინდა დადგომა, რომ ის ჩემი სოფელია და ვხედავ, როგორ დადიან საზღვარზე ეს რუსები. არ მიშვებენ ჩემს მამიდებთან.

ერთხელ მინდოდა საბუთის გაკეთება, მაგრამ ბებომ მითხრა, მაგისთვის საჭიროა თქვა: მე ქართველი არა ვარ, მე ვარ რუსიო. შემდეგ თავი დავანებე.

მე ვხედავ, ქართველი ჯარისკაცები როგორ იცავენ საზღვარს. მე მინდა, მათზე უკეთესი ვიყო. საქართველოს უფრო გავადიდებ.

გენერალი ბრძოლაში კურთხეულად მოკვდება, გენერალი თავის სამშობლოს არასოდეს არ უღალატებს. აი, ასეთი ვიქნები მე. დიახ! მე ქართველი ვარ, ვამაყობ კიდეც ამით! დამელოდე, საქართველო!“ – ამ სიტყვებით 9 წლის ლუკა ტოროშელიძემ სრულიად საქართველო აღაფრთოვანა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა გენერლობაზე მეოცნებე პატარა ქართველის ამ საოცარ წერილს, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლის, ასევე, სახელმწიფოს შესაბამისი უწყების მხრიდან.

მომავალი გენერალი აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. 9 წლის 21 სექტემბერს გახდა.

ამ დღისთვის დედას საგანგებოდ გაამზადებინა ტორტი, წარწერით ,,გენერალი”. ლუკა დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლობას დაბადებულის მფარველი მუდამ ღვთისმშობელი მარიამი იქნება.

მისი სოფელი პერევი საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე ე.წ. საზღვრისპირა სოფელია, სადაც მუდმივად დგანან ხიდს აქეთ ქართველი მესაზღვრეები, ხიდს იქით კი, – რუსები.

ლუკას ჯერ კიდევ ადრეული ბავშოვობიდან ახსოვს ოკუპირებული პერევი და პასპორტი, რომელიც მას მშობლიურ სახლამდე მისასვლელად გაუკეთეს, ახლა მისი სოფელი თავისუფალია, მაგრამ ძალიან რომ უყვარს, იმ ადამიანების სანახავად ვერ გადადის გვერდით სოფელში და ამაზე დარდობს.

„ჩვეულებრივი ბავშვი არ არის“- ამ სიტყვებით ახასიათებს საჩხერის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე გენერლობაზე მეოცნებე მესამეკლასელს.

როგორც სკოლის დირექტორი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განმარტავს, ლუკამ თემა „ჩემი პროფესია“ გაკვეთილზე დაწერა, რაც შემდეგ მასწავლებელმა დირექტორს წააკითხა…

„მე და საზოგადოების“ პედაგოგმა, ნანა გოდაბრელიძემ სთხოვა ბავშვებს, დაეწერათ თემა „ჩემი პროფესია“. შემდეგ ლუკას ნაწერი მასწავლებელმა მე შემომიტანა და წამაკითხა. თავი ვერ შევიკავე, ავტირდი… მის ნაწერს ფოტო გადავუღე და სკოლის ფეისბუქ-გვერდზე ავტვირთე, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბავშვი ასეთ რეაქციას არ ელოდა და ცოტა აფორიაქდა, ცოტა შეუძლოდაც გამხდარა ამის გამო.

ლუკა ჩვეულებრივი ბავშვი არ არის, განსხვავებულად აზროვნებს. მითხრა, ჩემი ოცნების შესახებ ხშირად რვეულის და წიგნის ყდებზე ვწერ ხოლმეო.

პერევში აქვს სოფელი, იქ, სადაც საგუშაგოა. ხიდს აქეთ ქართველები დგანან, ხიდს იქით, – რუსები. ყოველთვის, როცა ბავშვი სოფელში ადის, საგუშაგო უნდა გაიაროს, რომლის მიღმაც არის ოკუპირებული ქართული სოფელი ქარძმანი. ქარძმანში ლუკას მამიდები და მამიდაშვილები ცხოვრობენ, მათ ვერ ნახულობს და ძალიან განიცდის. რვეულის გარეკანზე გაცხადებულ ოცნებებში ლუკა დედას ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ ინერვიულოს, რადგან თვლის, რომ ის ქვეყანას სჭირდება და მისთვის თავი უნდა გაწიროს”, – აღნიშნავს ირმა კაპანაძე „მთავართან“.

განსხვავებული აზროვნება რომ ჰქონდა, დედამ ლუკას სულ პატარა ასაკიდან შეატყო. მისი ოცნებაც ადრეული ბავშვობიდან მოდის, ასეთ წერილებს ხშირად წერს, დედა კი ჩუმად კითხულობს მათ და ცდილობ, შვილს ცრემლი არ დაანახოს.

„სულ პატარობიდანვე, თავის ასაკთან შედარებით, განსხვავებული აზროვნება აქვს. მგონია, რომ ყოველთვის დიდი ადამიანი მელაპარაკება, ისეთი დარიგება იცის, საუბარი… მაგრამ ასეთი ოცნება საიდან აქვს ბავშვს, რომ სადაც შეძლებს, ყველგან ამაზე წერს, სულით და გულით მხოლოდ ამაზე რომ ფიქრობს, – მაინც არ ვიცი.

შესაძლოა იმიტომ, რომ პოეზია მიყვარს ძალიან, სულ ვცდილობ, პატრიოტულ მოტივებზე ბევრი ლექსი წავუკითხო და ვასწავლო ჩემს შვილებს, ან ალბათ უფრო იმის გამო, რასაც ყოველდღიურად ხედავს და განიცდის.

ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, როდესაც პასპორტი გავუკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენს მშობლიურ სოფლამდე მივსულიყავით და ეს ძალიან კარგად ახსოვს ლუკას. ოკუპირებული იყო მაშინ პერევი.

ამჟამად კი, ლუკას მამიდები და მამიდაშვილები ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ქარძმანში. ისინი ბავშვს ძალიან უყვარს. ყოველთვის ენატრება და განიცდის, რომ ვერ ნახულობს.

რამდენჯერ, თავის დაბადების დღეს, მთელი დღე ელოდა, ისინი კი ვერ მოვიდნენ, რადგან არ გამოუშვეს. ელოდება ყოველ აღდგომას, ყოველ დღესასწაულზე, მაგრამ ვერ მოდიან… ყველაფერმა ამან იმოქმედა, როგორც ჩანს“, – ამბობს ლუკას დედა სოფო ღონღაძე „მედიაცენტრ მთავართან“.

ლუკას დედა პროფესიით საბანკო-საფინანსო საქმის სპეციალისტია, მამას კი საგზაო-საპატრულო აქვს დამთავრებული, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. გენერლობაზე ოცნებობს ლუკას უმცროსი ძმაც, მაგრამ როგორც დედა ფიქრობს, მისი ოცნება ალბათ უფრო უფროსი ძმის მისწრაფებიდან გამომდინარეა.

„ვუსაყვედურე ერთხელ ლუკას, წიგნზე ასეთი რამ რატომ დაწერე, ეს წიგნი ხომ შენი არ არის, უკან უნდა მივაბრუნოთ მეთქი. შემომხედა და მითხრა, როცა ცნობილი გენერალი ვიქნები, ჩემს სკოლას მიაკითხავენ და ამ ნაწერს ნახავენო.

სულ რაღაც 5 წლის იქნებოდა, ერთხელ მანქანით შინაგან ჯართან რომ გამოვიარეთ, ფანჯარა ჩაწია და ჯარისკაცებს დაუძახა, – დამელოდეთ ბიჭებო, მეც მალე შემოგიერთდებითო. ეს ისე  გულიანად, ისეთი ხმით წარმოთქვა, მაშინვე სერიოზულად მივიღე და დავფიქრდი ამაზე. როცა მის წერილებს ვკითხულობ, გული მტკივა, მაგრამ ბავშვისთვის არასდროს დამინახვებია ჩემი ცრემლები.

აქ ახლოს საჩხერის ბაზაა და ბევრჯერ მთხოვა, ჯარისკაცებთან წამიყვანეო, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი ამას აქამდე“, – ამბობს ლუკას დედა „მთავართან“.

მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილ ნათესავებს კი, ლუკას ოჯახი ხშირად წამალსაც ცხენით უგზავნის, რადგან იქ „ის რუსები“ არიან, ვინც ცხრა წლის ბიჭუნას ასაკისთვის შეუფერებელი დარდით ცხოვრება ასწავლა და საყვარელ ადამიანებს დააშორა. თუმცა, როგორც სოფო ამბობს, მდინარის მიღმა დარჩენილი ის რამდენიმე ოჯახიც, მშობლიურ სოფელს მალე დატოვებს და ცარიელი ხელებით ახალი ცხოვრების შენებას შეეცდება.

„აქამდეც წამოვიდოდნენ იქიდან, მაგრამ თუ რამე შეუძენიათ და გაუკეთებიათ, “საზღვარზე” არაფრის გამოტანის უფლებას არ აძლევენ, ერთი ხელჩანთის გარდა და განა რა უნდა გქონდეს იმდენი, რომ მიატოვო სახლ-კარი, ყველაფერი, რაც კი შეგიქმნია და სხვაგან ცარიელი ხელებით ცხოვრება აიწყო?! არადა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, იძულებული არიან, დატოვონ მშობლიური კუთხე და წამოვიდნენ აქეთ, რადგან ცხოვრება, განვითარება და მომავალი უნდა ხალხს!

65 დღე ჩაკეტილები იყვნენ, ახლახან გახსნეს საგუშაგო. წითელას ვირუსის გამო ჩავკეტეთო, თქვეს და ახლაც, ვისაც რუსულად დამოწმებული ცნობა არა აქვს, რომ წითელაზე აცრილია, არ გაატარებენ.  მართლა წითელაა თუ არა მიზეზი, არ ვიცი.

ზამთარში ჩვენებს რამდენჯერმე წამალი დასჭირდათ და ვერანაირად რომ ვერ მივაწოდეთ, ცხენი გავუშვით მდინარით და ისე გადავუტანეთ.  

ქარძმანში სკოლა არ არის. ადრე დაწყებითი სკოლა იყო, მაგრამ ისიც დახურეს, რადგან სულ 5-6 მოსწავლე თუ იქნება სოფელში დარჩენილი. ისინიც პერევში დადიან, საგუშაგოს გავლით, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან ყოველთვის არ უშვებენ. მომენტალურად შეიძლება მიხვიდე და გითხრან, რომ დაკეტილია და დღეს ვერ გადახვალ.

სოფელი სავსეა რუსი ჯარისკაცებით, სად ვინ შეგხვდება გზაზე, არავინ იცის. ჩემი მულიშვილი მეშვიდეკლასელი გოგონა კი, სკოლამდე რომ მივიდეს ეს გზები მარტომ უნდა გაიაროს, რაც რთულია, ძალიან რთული“, – აღნიშნავს სოფო ღონღაძე „მთავართან“.

ასეთია 9 წლის ლუკა ტოროშელიძის მიერ მიერ აღქმული ე.წ. საზღვრისპირა სოფლის დარდი. ლუკა გაიზრდება და აუცილებლად გახდება გენერალი, „საქართველოსაც უფრო გაადიდებს“, მაგრამ მანამდე რუსი ჯარისკაცებით სავსე ქართული სოფლები თითოეული ჩვენგანისგან შველას ელოდება.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ 

მსგავსი თემები