“საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზა, მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ 1918 წელს მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია აფასებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ, საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადება, ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალშიც არ აქვს უფლება, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

“გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა. რაც ვართ ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები. ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისია რეგიონალური კრიზისი, ან გლობალური გამწვავება დედამიწაზე, ან საკმარისია ჩვენმა მოკავშირეებმა ვეღარ მოიცალონ ჩვენთვის, რუსეთი, აგრესიულ მეზობლებთან ერთად დაგვინაწილებს და წაგვიღებს ნაწილ-ნაწილ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე, გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება. 

“მთელს მსოფლიოს უნდა ვაღიარებინოთ, რომ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი სახელმწიფო ვართ. საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნა აშშ-ს სამხედრო ბაზა თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე. პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი არ არის. მან იცის სად ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს. გაიხსენეთ როგორ დაიწყო საქართველოს დაშლა როდესაც სახაროვმა განაცხადა, რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია და ვჩაგრავთ პატარა ერებს. აი მაშინ დაიშალა საქართველო. გუშინდელი განცხადება პუტინის ეს იყო სახაროვი ორი. ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის განცხადებით, 1918 წელს მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია.

მსგავსი თემები