საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიის მიზანია, ქვეყანაში ევროპული ყაიდის საარჩევნო კამპანია ჩატარდეს, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს საკუთარ ხედვას გააცნობენ და ერთმანეთის შეურაცხყოფის გზით არ ეცდებიან ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. ამიტომ, ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და წარმართონ ჯანსაღი, ევროპული ტიპის კამპანია.

კობახიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამომრჩეველს საკუთარი ხედვის ​უპირატესობებში არწმუნებდნენ, წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე. ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც, მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს.

“ამ ნამდვილად სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული მედია. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი”, – აცხადებს კობახიძე.

​მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს 9 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით.

” ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, საზოგადოების თანადგომით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს”, – მიაჩნია ირაკლი კობახიძეს.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს, საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება.

მსგავსი თემები