საქართველოს პარლამენტში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, პარლამენტის სასწავლო ცენტრში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა, რაც თბილისის სასახლესა და  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებად მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროების 350-მდე თანამშრომელს საშუალებას მისცემს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად გაიარონ მათთვის სასურველი დისტანციური სასწავლო კურსი. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სასწავლო აპლიკაციების შექმნაზე, რათა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა შეძლონ დისტანციური კურსის გავლა პერსონალური ლეპტოპების, ტელეფონებისა თუ აიპადების მეშვეობით.

“ამ ეტაპზე ფუნქციონირებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც 11 მოდულს აერთიანებს. პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს შემდეგ თემატურ კურსებზე: საფინანსო საკითხები, შესყიდვები, მედიაკომუნიკაცია, ელექტრონული საქმისწარმოება და სხვა.

2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ადაპტირებული დისტანციური კურსების შეთავაზება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის: სტუდენტებისთვის, სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის და ა.შ.”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები