“საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა” – გიორგი გახარია

საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი აუცილებლად უნდა გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ყველაზე უფრო დაზარალებული ეკონომიკური სექტორი, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ. პირიქით, მე დღეს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობდი და სულ უფრო და კიდევ უფრო ხშირად გავიმეორებ ამას, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და პირველ რიგში ეს უნდა ვაჩვენოთ ტურიზმის სექტორში. საერთოდ საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი აუცილებლად უნდა გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე, სადაც მას შემდგომ, რაც სხვებთან შედარებით კარგად, ნორმალურად, ვმართეთ პანდემიის რისკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რათა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. საქართველოს შეუძლია გლობალურ კონკურენციაში, წლის დასაწყისთან შედარებით გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ვფიქრობ, რომ ამ წლის დ ამომავალი წლის დევიზად უნდა გავხადოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები