„საქართველომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია” – მინისტრი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით,  საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისიით სტუმრობენ.  მეცნიერებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.

„საქართველომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, დადებით შედეგებს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ქვეყანას მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამ გამოცდილებით ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებთანაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ  მოსახლეობა, ფერმერები კვლავ აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესში, რათა გამოზამთრებამდე მოხდეს მავნებლის  პოპულაციის მაქსიმალური შემცირება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა,  აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის,  სახელმწიფოს სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ქმედებების, ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამეცნიერო წრეების აქტიური ჩართულობის შედეგად, სამ წელიწადში, საქართველომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია. მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც ხელს უწყობს მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

როგორც სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა განაცხადა, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, საქართველომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

„ის შედეგი, რასაც საქართველომ 18 თვეში  მიაღწია, წარმოუდგენელია. 2017 წლიდან,  მას შემდეგ რაც ღონისძიებების განხორციელება დაიწყო, ქართულმა მხარემ ძალიან მოკლე დროში მოახერხა წარმოუდგენელი მობილიზება. ყველა ინსტრუმენტი და მეთოდი ზედმიწევნით სწორად არის გამოყენებული და დღეს,  შედეგები უკვე თვალსაჩინოა. ჩვენ  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით მსოფლიოსთვის სამაგალითოა“,  – აღნიშნა ბილ ლინგრენმა.

შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები მართვის ცენტრის მუშაობის პროცესს გაეცნენ და სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს. 

მსგავსი თემები