საფლავები წითელი კვერცხის გარეშე, სასაფლაოებს პოლიცია და თავდაცვა აკონტროლებს – „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟი

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ შეზღუდვებში, სააღდგომო პერიოდში, სასაფლაოებიც მოექცა. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ყველა სასაფლაო დაიკეტა და მას პოლიცია და თავდაცვა აკონტროლებს.

„მედიაცენტრი მთავარი“ იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც აკრძალვა სრულად არის დაცული. ადგილობრივები ითვალისწინებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მიუხედავად ტრადიციისა, წელს პირველი აღდგომაა, როცა მათ მიცვალებულების საფლავებზე წითელი კვერცხის გადაგორება და ჭიქა ღვინის აწევა ვერ შეძლეს.

რამდენიმე ადამიანს მაინც ჰქონდა მცდელობა, საფლავზე მისულიყო, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლება და სასაფლაოზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

„მეუღლე, ძმა, მშობლები, ყველა ერთად მყავს დასაფლავებული და მაინც ამოვედი, თუ შემიშვებდნენ, ხომ კარგი. წითელი კვერცხები, პასკა და ჭიქა ღვინო ამომქონდა, მინდოდა, შესანდობარი მეთქვა, მაგრამ არ შეიძლებაო. მესმის, ძალიან საშიში ვითარება, თუმცა, ერთ საფლავზე 2 ადამიანი მაინც რომ შეეშვათ, რომ საფლავი უპატრონოდ არ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, რა გაეწყობა, რადგან ასე ჩათვალეს საჭირო, ვემორჩილებით“ – გვითხრა სენაკის სასაფლაოზე ამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც უკან დაბრუნება მოუწია.

დღეს, საფლავებზე უჩვეულო სიმშვიდეა, არც წითელი კვერცხები, არც პასკები, არც ტრადიციული სუფრა და არც ხალხმრავლობა.        

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები