სატყეო სააგენტო თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს

საქართველოს პარლამენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.

აღნიშნული ცვლილებები ეროვნული სატყეო სააგენტოს იმ თანამშრომლებს შეეხებათ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის და აღკვეთის უფლებამოსილება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ძირითადი მიზანია შეიქმნას, აქამდე არ არსებული სოციალური დაცვის გარანტიები. კერძოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების მიღების შემთხვევაში – ერთჯერად ფულად დახმარებას და სხვა.

“ერთჯერადად ფულადი დახმარებები გადაეცემათ იმ თანამშრომლებს, რომელთა ჯანმრთელობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგება ზიანი. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, დაზარალებულ თანამშრომელს, ერთჯერადად 7 000 ლარი გადაეცემა; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარი; ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანების შემთხვევაში კი – 2 000 ლარი.

კანონში შეტანილი ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებს, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ უფლებამოსილების შესრულება, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა წარსულში.

კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ასეთი ფაქტის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო დაღუპული თანამშრომლის დაკრძალვისთვის გამოიყოფა თანხა 500 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები