სასჯელაღსრულების იუსტიციიდან გამოყოფა წულუკიანისთვის შეიძლება საბაბი იყოს, რეალური მიზეზი კი სხვა – კობა ნარჩემაშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ვერ ხედავს პრინციპულ მნიშვნელობას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარება თუ ცალკე სამსახურის სახით იარსებებს. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პრინციპული პოზიცია მისთვის მისაღებია.  

“თუ ამ დაწესებულებას ექნება მართვის საკმაოდ ძლიერი ვერტიკალი, არანაირი პრობლემა არ არის იყოს სამინისტროს დაქვემდებარებაში. თუმცა, ზოგადად ცუდიც არ არის მისი იუსტიციის სამინისტროში ყოფნა, შეიძლება ეს იყოს საბაბი და მიზეზი აბსოლუტურად სხვა იყოს. თეა წულუკიანი დიდი ხანია მთავრობაშია. უკვე მე-7 წელია. ეს რეკორდული მაჩვენებელია და მეტყველებს მის პრინციპულ შეხედულებებზე, სტაბილურობაზე. მეორე მხრივ ამ 7 წლის განმავლობაში, როგორც წესი ძალიან ბევრი რამ იცვლება ხოლმე”, – განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა. 

მისივე თქმით,​ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროსთან არც თუ დიდი ხნის წინ გაერთიანდა. თეა წულუკიანმა საკმაოდ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ეს გაერთიანება ორგანული ყოფილიყო. გარკვეული ცვლილებები გატარდა, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ 7 თვეში ისევ უნდა გამოეყოს სამინისტროს, გამოდის, რომ წულუკიანის შრომა წყალში უნდა ჩაიყაროს.

“როცა შენი ხედვები და შრომა წყალში იყრება, ამაზე მინისტრს ექნება პროტესტი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. შესაძლოა, მეც იგივე პოზიცია მქონოდა, თუ დავინახავდი, რომ ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც ვიშრომე, ერთი ხელის დარტყმით შეიძლება ყველაფერი დაიშალოს… პოლიტიკა პრინციპულობისგან არ უნდა იყოს დაცლილი. პოლიტიკაში პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა გვირჩევნია, იყვნენ მინისტრები, რომლებსაც არ აქვთ ფასეულობები და პრინციპები, თუ იყვნენ მინისტრები, რომლებიც თავიანთ პრინციპებზე მტკიცედ დგანან? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხედვებს და განვითარების პერსპექტივებს პრინციპული ადამიანები ქმნიან. პატივს ვცემ ყველა პრინციპულ ადამიანს, ვისაც აკვიატება კი არ აქვს და საბაბს კი არ ეძებს, არამედ იცავს თავის ღირებულებებს”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი. 

მისივე თქმით, უკანასკნელი 10 წლის პოლიტიკურ პროცესებს თუ გადავხედავთ, მინისტრები ძალიან მოკლე დროში ტოვებენ თავიანთ თანამდებობებს და იცვლებიან. შესაბამისად, მათ არ აქვთ საქმის კეთების მოტივაცია.

“როგორ შეიძლება, რომელიმე მინისტრს მოვთხოვოთ რეფორმის გატარება, როცა გადახედავს თავის წინამორბედებს და ხედავს, რომ მინისტრებს საშუალოდ 1 წელი არ გამოსდით თანამდებობაზე ნამუშევარი. რა ხედვების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ, რომელ კვალიფიციურ კადრს ექნება სურვილი, რომელიმე უწყებას სათავეში ჩაუდგეს? ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა. ეს პოლიტიკა უნდა გავაფერადოთ, ასე აღარ გამოვა. პოლარიზებით ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების გადავადებას. უნდა გავაჩინოთ საფუძველი კვალიფიციური ადამიანებისთვის, რომ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა “მთავარში”. 

მსგავსი თემები