„სასწრაფოდ დაიჭირონ ადგილზე მყოფი ლიდერები, რომლებიც მარნეულელების პროვოცირებას ახდენდნენ“ – ალი ბაბაევი

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავჯდომარე“ ალი ბაბაევი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და იმ ლიდერების დაკავებას ითხოვს, რომლებმაც მარნეულში მცხოვრები გლეხების პროვოცირება მოახდინა. როგოც ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მარნეულში მიმდინარე პროცესები მართულია.

„რაც მარნეულში ხდება, 2 დღეა ვიცი, ამისი მოლოდინი მქონდა, რადგან,  ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ შტოები დარბიან გლეხებთან და აქეზებენ, რომ  თუ ხმას არ ამოიღებენ, საქონელი ჩაულპებათ და გაუფუჭდებათ. ისინი  გლეხების პროვოცირებას ახდენდნენ.  დღეს ჩაკეტეს შულავერის გზა. ეს არის „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან ორგანიზებული  პროვოკაცია“ – განუცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს და ადგილობრივებს პროდუქციის რეალიზაციის საკითხი მოუგვაროს.

„მოვითხოვ შსს-სგან და ყველა ორგანოსგან, სასწრაფოდ დაიჭირონ ადგილებზე მყოფი ლიდერები, რომლებიც ადგილობრივების პროვოცირებას ახდენდნენ. ასევე, მივმართავ ხელისუფლებას, მარნეულის მოსახლეობის 10-15%  ვერ გამოაქვს მოსავალი გასაყიდად. მათთან უნდა მოხდეს კომუნიკაცია. ამას გარდა, ადგილზე ბოსტნეულს საკმაოდ იაფად ყიდულობენ და თბილისში გაცილებით ძვირად ყიდიან. მათი მოსავლის დაცვა აუცილებელია. ხელისუფლებამ უნდა  გაატაროს ქმედითი ნაბიჯები რომ მარნეულის ჯაჭვი სხვასაც არ გადაედოს“ – განუცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს.  

მსგავსი თემები