სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების კურთხევა მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები თბილისის ცენტრალურ ქუჩებს აკურთხებენ. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართებიან, რომლებსაც აკურთხებენ.

როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოება შევიკრიბეთ, რომ მთელი ქალაქი ეკურთხოს. ვხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ეს სენი როგორ ვრცელდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია წყალკურთხევის ლოცვა, როგორ შინაარსს შეიცავს ეს ლოცვა და ლოცვის შემდეგ მთელი ქალაქი იკურთხება დღევანდელ დღეს. მოძღვრები სამ ნაწილად გავიყოფით და ყველა უბანში მივალთ, სადაც ეს ნაკურთხი წყალი ესხურება. ჩვენ შევთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მან მედპერსონალს გაწეული შრომისთვის ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები