სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, 20 ივნისის შემდგომ 4-დან 20 ნოემბრამდე, მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ კარგად იმუშავა და ამ ეტაპზეც ამ მექანიზმის გამოყენება იგეგმება.

„ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, ანუ მცირე სასტუმროები 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით, მიიღებენ იგივე სახის დახმარებას – საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირებას.

ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება ყველა ზომის სასტუმროებისთვისაა, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება დამატებითი ზომაა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, თანხა სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პროგრამა „აწარმოე საქართველოში პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა და 18 000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს შეეხება.

„თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში, თუმცა ვინც მოგვმართავს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ყველას დავეხმარებით ჯამში ამ თანხასაც რომ გადააჭარბოს“, – აღნიშნა თურნავამ.

მსგავსი თემები