სასამართლოს ახალი სისხლი სჭირდება, ვისურვებდი სისტემა გაიხსნას – კობა ნარჩემაშვილი


ყოფილი შს მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მოსამართლეების კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო საერთოდ სასამართლო სისტემისა და უზენაესი სასამართლოს მიმართ, გარკვეულწილად არის გასული, 15-წლიანი პროცესის ლოგიკური შედეგი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, სასამართლო სისტემა საჭიროებს ახალ სისხლს აკადემიური წრეებიდან, პრაქტიკოსი იურისტებიდან, ადვოკატურებიდან და ა.შ. სისტემა უნდა გაიხსნას და მისი განვითარება არ უნდა დაეფუძნოს მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს. 

მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა. ხშირ შემთხვევაში ერთ მოსამართლეს 500-დან 1500 -მდე საქმე აქვს ხოლმე განსახილველი, ასეთ პირობებში კი წარმოუდგენელია საუბარი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ოპერატიულობაზე. 

“სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ვუყურებ ფართო კონტექტსში, სასამართლო არ არის მხოლოდ მოსამართლის პრობლემა. თუმცა კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლის რეპუტაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად თითოეული კანდიდატის განხილვის დროს შეფასდეს მის მიერ შესწავლილი საქმეები, როგორც ეს ხდება ხოლმე განვითარებულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში. რამდენად პრინციპული იყო ის და სამართლიანობის პრინციპებს ემსახურებოდა თუ არა”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ის თუ რა მემკვიდრეობა ერგო ხელისუფლებას, რადგან დღეს არსებულ სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი და სერიოზული პრობლემებია დაგროვილი. ეს არის იმის შედეგი, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო პოლიტიკურად იყო დამოკიდებული. “ახალმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ამ ინსტიტუტის გადარჩენა და მისი, როგორც დამოუკიდებელი შტოს მიმართ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ეს პრობლემები მოიტანა”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

მსგავსი თემები