„სასამართლოში სიტუაცია დალაგებულია, მომიყვანეთ მაგალითები, ეს განცდა ვის დაერღვა და ვიმსჯელოთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს სასამართლოში უსამართლობის კუთხით პრობლემები არ არსებობს და სისტემა ისეა დალაგებული, როგორც არასდროს. მისივე განცხადებით, თუ ვინმე საწინააღმდეგოს ფიქრობს, კონკრეტული მაგალითები უნდა დაასახელოს.

„ჩვენ სასამართლოს ტრანსფორმაცია მოვახდინეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, რადიკალური პოლიტიკური გარემო და რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია. რაც შეეხება სასამართლოს, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. დღეს კი აბსოლუტურად რადიკალური ვითარებაა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებით და არა რას ფიქრობენ ოპოზიციური ძალები.

„ჩემთვის მთავარი არის რა განცდა აქვს მოქალაქეს, რომელიც მიდის სასამართლოში, მას ვინმე ხომ არ ჩაგრავს, მით უმეტეს, სახელმწიფო. ეს არის მთავარი და არა ის, რომელიც მოსამართლე, რომელიც თუნდაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადმოჰყვა ჩვენს ხელისუფლებას და რომელიც ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. სასამართლოში გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება. ჩვენი მთავარი პრინციპია, მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. მომიყვანეთ მაგალითები, მოქალაქეებს ეს განცდა რომელ შემთხვევებში დაერღვათ და ვიმსჯელოთ“ – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები