საპრეზიდენტო არჩევნების II ტური – I პირების არჩევანი და მათი მოლოდინი

​საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დღეს, 28 ნოემბერს იმართება. მოსახლეობამ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ზუსტად ერთი თვის წინათ გამართული არჩევნების პირველ ტურში, ხმათა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და დამოუკიდებელმა კანდტიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს, მაგრამ 50% -იანი ბარიერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. შესაბამისად დაინიშნა მეორე ტური.

საკუთარი არჩევანი დღეს უკვე გააკეთეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი: “არჩევანი გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ დავბრუნდეთ უკან. ის წლები კარგად გახსოვთ თქვენ. ძალიან კარგად ვიცით იმ ძალის ხელწერა, რომელიც დღეს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ოპონენტს. ალბათ, თქვენც კარგად ხედავთ მოსახლეობის მობილიზებას, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. ექსცესების მცდელობები იქნება იმისგან, ვისი ხელწერაც არის ეს, ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. მობილიზება მეორე მხრიდანაც საკმარისზე მეტია. მობილიზება არის მოსახლეობის ძალიან კარგი, დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ ჩემი აზრით, სამეგობროც კარგად არის მობილიზებული, ჩემი მყავს მხედველობაში, არასამთავრობოებიც, მე მგონი, საბოლოო ჯამში, სწორ განწყობაზე დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები. ძალიან დიდი სურვილია იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ, განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან”.

გიორგი მარგველაშვილი: “ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელ აქტიურობას, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი და ითამაშოს გადამწყვეტი როლი მთავრობის ფორმირებაში. დარწმუნებული ვარ, ასეთი აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, დღის განმავლობაში, რაც იმის გარანტიაა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე და იქნება ნაკლები დარღვევები“.

მამუკა ბახტაძე: „დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ. ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, მოვიდეთ უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ინტერესებშია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“.

ირაკლი კობახიძე: „დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი – არის ორი პოლიტიკური ძალა, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები არის აგრესია, სიძულვილი სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში. თუ იქნება მაღალი აქტიურობა ამ შემთხვევაში პასუხიც იქნება მაქსიმალურად სწორი”.

კახა კალაძე: „მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ, ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები, პირიქით უნდა გავაერთიანოთ საქართველო“.

მსგავსი თემები