„საპარლამენტო კრიზისი არ გვაქვს, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვიფიქროთ“ – ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის საპარლამენტო კრიზისი.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ვადამდელ არჩევნებს ქვეყნის არევ -დარევა მოჰყვება.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არაერთი მიზეზით არ შეიძლება. ეს ქვეყანას, ამ ეტაპზე,  კარგ შედეგებს არ მოუტანს. ამას ძალიან ბევრი არევ-დარევა მოჰყვება. არ იქნება სწორი. ჩვენ არ გვაქვს საპარლამენტო კრიზისი, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვიფიქროთ. მხარს ვუჭერ, პარლამენტმა დაამთავროს, ამოწუროს ვადა. როცა ზოგიერთ ადამიანს, ჩემს კოლეგებსაც ვუსმენ, ყიჟინას სცემენ, – არიქა საპარლამენტო არჩევნებიო. ამ ყიჟინას სულ სხვა ამოცანები ამოძრავებს, მე კი სიმშვიდე მინდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

​დეპუტატის თქმით, ვადამდელი არჩევნები ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული და იმ დროს, როცა ახალი ჩატარებულია საპრეზიდენტო არჩევნები და ერთ თვეში არჩევნები მეორე ტური უნდა გაიმართოს, ეს სერიოზულად დააწვება ბიუჯეტს.

​აღსანიშნავია, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2020 წელს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი თემები