საოკუპაციო რეჟიმის მორიგი, ველური სისასტიკე – დატირება ენგურს მიღმა

ე.წ. საზღვართან მორიგი არაადამიანური ფაქტი დაფიქსირდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ადმინისტრაციულ საზღვართან 9 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იყო ოკუპანტების მხრიდან ჩადენილი მორიგი, ველური სისასტიკე.

„ორსანტია-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთის დანაშაულებრივმა საოკუპაციო რეჟიმმა, რომელიც ველური სისასტიკით სისტემატურად არღვევს ქართული მოსახლეობის უფლებებს, მორიგი არაადამიანური, ანტიქრისტიანული ქმედება ჩაიდინა. 9 აპრილს, კვლავ ვიხილეთ შემზარავი სურათი – მავთულხლართებით გაყოფილი პროცესია. ადამიანებს არ მიეცათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და ახლობლის დატირების უფლება. ისინი მდინარე ენგურის მეორე ნაპირიდან ემშვიდობებოდნენ გარდაცვლილ ნათესავს“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მომხდარის გამო პროტესტს გამოხატავს და გმობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების სისტემატურად დარღვევის ფაქტებს. საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაპყრონ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავს ქმედებებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცინიზმით აღბეჭდილი ასეთი ფაქტების, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა არაერთი, სისასტიკით გამორჩეული დანაშაულის აღსაკვეთად“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები