სანდრა რულოვსი დახმარებას დიპლომატებისგან ითხოვს

ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – სანდრა რულოვსი საქართველოში მოქმედ დიპლომატებს სთხოვს, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ოპერატიულად იმოქმედონ.

“დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევის გამეორება არ მოხდეს. სახეზეა უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა. დიპლომატიურ კორპუსს ვანახეთ ვიდეოები, ვესაუბრეთ გარემოზე, რომელშიც გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ისინი შედიან ჩვენს მდგომარეობაში და იქნება მსჯელობა, როგორ შეიძლება ამაზე რეაგირება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.

მისივე განცხადებით, ზონდერები და დედის გინება მას და მის მხარდამჭერებს ყოველ ნაბიჯზე ხვდება: „პროვოკაციები, ზონდერები, დედის გინება, გუშინ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როგორც ჩანს, მასობრივად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა, საუბნო საარჩევნო კომისიებს სიები 5 დღით ადრე გადასცეს. ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი უნდა გადადგეს“.

მერობის კანდიდატმა, დიპლომატებს სთხოვა, ზუგდიდში მეტი დამკვირვებელი გაგზავნონ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კი კომისიიდან, სპეციალური ყუთებით, ამომრჩეველთა სიებისა და ბეჭდების 5 დღით ადრე გატანა გახდა.

მსგავსი თემები